გოგებაშვილის "დედა ენა"


 – ეს წიგნი ერის ბურჯია! – ხარობენ მამა-პაპანი,
ხარმა თქვა: მეც შიგ ჩამდენეთ, ერის მეც ვზიდე ჭაპანი.

მოფრინდა შავი მერცხალი ჭიკჭიკით, ყელმოღერებით
და წიგნში, როგორც ბუდეში, ჩაფინა იის ღერები.

პაწია წიგნი ბედ-იღბლით კიდობანს გამოემგვანა და,
რაც შიგ გადანახულა, ის გადაარჩენს ქვეყანას.

მე კი მგონია, ფრესკებზე ყრმა რომ ზის დედის კალთში,
თუ „დედა ენას“ მიუტანთ, დიდივით კრძალვით გადაშლის,

თითს გააყოლებს ასოებს:
ვაზის ლერწს,
ნამგალს,
ნიამორს,
 ენას ქართულად აიდგამს და იტყვის: აი, იაო.

იდიდე, წიგნო, იდიდე, ქართული სულის ლაზათო,
ღმერთი თუ არა ღმერთკაცი იქნებ კვლავ ბევრი გაზარდო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი