ქართლი
„სანადიროდ წამოსულან ამირან და ძმანი მისნი, მთას ირემი აფრენიათ, ცასა წვდება რქანი მისი“, ჭალა-ჭალა, კორტოხ-კორტოხ მეძებრების ყეფა ისმის, ვაითუ, ირემს მიეწივნენ ანდა კურდღელს, ბრალი მისი! შეშინებულ მწყერჩიტასებრ მიფრთხიალებს სერზე მისი! კლანჭიანი აგვისტოს მზე მიმინოსებრ ცერზე მიზის, – ეს რა ყივის ქარაფიდან? – კოშკი არი ცამცუმისი! – კოშკზე ორბი გადაფრინდა. – სული არი, დასტურ მისი! არაგვზე და იორზედა ბადეს ისვრის სულკალმახი, ბადეს თევზი მოჰყოლია სულ წვერა და სულ კალმახი. ჭალა-ჭალა კრიახია და ბოსტნები ჩასილული, აქეთ-იქით ლიახვია ვენახებში ჩასირმული. აქ ძვინები იმდენია, ტყეს მიაგავს გამობელილს, კაკაბს გადაჰკიდებია შავი შაშვი მგალობელი. მელაკუდაც სტრიქონივით მოხტის იგავ-არაკიდან, გაიპარა ეგ ცბიერი! სულხან-საბას არა ჰკითხა! ეს ქართია, ოქროს ქართლი! – ფალავნების საბრძანისი, ეს მზე, ეს ცა, ეს სიმღერა ალალ მისი! ალალ მისი! მითია თუ ზღაპარია, სიზმარი თუ სინამდვილე? ვითევზავებ, ვიმარტვილებ, ვიმღერებ და ვინადირებ. ალალ იყოს ეს მზე, ეს ცა, ახალდაბა, ახალშენი, წარსული და მომავალი ალალ შენი! ალალ შენი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი