ვეფხვი


ნუთუ არ გქონდა სურვილი შეყრის,
საით გაგირბის მზერა ელამად.
შენ ხომ არა ხარ ნეტა ის ვეფხვი,
მოყმემ რომ დასცა პირტიტველამა.

სდუმხარ და მაინც თითქოს ღრიალებ,
დგახარ და მაინც აკეთებ ნახტომს,
გაოგნებული და ნაღვლიანი,
ალბათ შამბნარში ხეტიალს ნატრობ.

აღტაცება და შიში ამიტანს,
სტრიქონებივით მიჯრილ ზოლების
და მოთახთახე შენი ტანიდან
დგება აზიის სიცხე ზმორებით.

მზის ბიბინია ბეწვი მდიდრული,
თუ ტრამალების ფერისცვალება?
და ინარჩუნებს შენი ფიტულიც
შიშს, აღტაცებას და მოკრძალებას.

არვინ გამცირებს და რად გრცხვენია,
შენს სიბეჩავეს რად აზვიადებ,
შენ სიკვდილშიაც შემოგრჩენია
ეგ მზვაობრობა და სიდიადე.

ჩემი ბწკარების ლერწმოვანებში
ვეფხვივით ჩუმად დადის წარსული
და ციხეების ტევრი ნალესი
აქვს ბწკალებივით ტორზე ასხმული.

სივრცე კი არა, ჟამი მაშორებს
ჩემს დიდ ჭრილობებს განუკურნებელს,
ეს მის ბრდღვინვაზე ცივად აჟრჟოლებს
სიზმრად გადასულ საუკუნეებს.

თუ არა ჟამი – რა დამაშორებს
მას, რაც ჩემია და ლამაზია.
ეს მის ბრდღვინვაზე ტანში აჟრჟოლებს
სიზმრად გადასულ წინა აზიას.

ხოლო წარსული თუ შემიქია,
მის ჩრდილებს მაინც არ ვეხიზნები,
ოთახში ვეფხვის ტყავი მიგია
და ღამე მძინავს ვეფხვის სიზმრებით…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი