აღარ მაძინებდა ..


აღარ მაძინებდა მზერა ალმაცერი,
ხალიანი ტუჩი… მკლავი ანაცერი…

მზის და ცხელი ქვიშის ვნებით ატკეცილი
ტალღებს მოაპობდა ტანი კალმახური.
თვალებს ჩავკიდებდი წყალში ანკესივით
და შინ ვბრუნდებოდი, როგორც გალახული…

თითქოს შენ სხეულში მზეა მომწყვდეული
ანდა კანში სკდება მწიფე ბროწეული…

ზღვა ღელავდა… თრთოდა…  ტალღებს შლიდა მწვანედ,
გახველ ნაპირზე და ღელვაც გაიტანე.

განა ბევრი მინდა… ჰოი, დავიქანცე,
ბევრი თეთრი ღამე ზღვასთან გადავფურცლე,
მოვიდოდი მხოლოდ და შენს აცრილ მკლავზე
თითებს დავაწყობდი, როგორც სალამურზე…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი