მოდის ასული რუსთაველზე


მიყვარს თბილისი,
მაგრამ ეს დღე სხვაა სრულიად,
მზეც მხატვარივით სულ სხვანაირ ფერებს მომაშლის,
გოგო რომ მოდის –
ეს ფეხმძიმე გაზაფხულია,
გაზაფხულია გადასული შემოდგომაში.
ო, ცაო, ცაო,
შენ ამრავლე ეს ჭირნახული,
სახლებს აკვნები გაუმრავლე, ვაზებს – ჭიგონი.
განი, ქალაქო,
მოფარფატებს ფრესკა ხახულის,
„ვეფხისტყაოსნის“
მოწანწკარებს ერთი სტრიქონი.
უფალო,
პეშვი შეუშვირე ამ სილამაზეს
და დააპკურე,
დაასხურე ქართულ ოჯახებს.
მოდის ყველაზე დიდი ნიჭი ამ ქვეყანაზე,
მოდის სიკვდილთან და წარმავალ დროსთან მოჯანყე.
ხოლო თბილისი კვარტალებით,
ქვის გალავნებით,
მიჯრილ ბანებით ერთ გიგანტურ მოჰგავს ორღანოს,
თითქო მზად არი ეს უთქმელი აღფრთოვანება
„შენ ხარ ვენახად“ რომ გადმოღვაროს.
– განი, გამზირო,
– განი, ქუჩავ,
– განი, კვარტალო,
შეხეთ, ჩიტები უპირებენ მხრებზე შესხდომას.
მე ეს ასული
რომ უბრალო ქალად ჩავთვალო,
ჩემო კეთილნო, ხომ იქნება დიდი შეცდომა?!
და, ჰა, ქალაქი სუნთქვას იკრებს როგორც ორღანო,
„ავე მარია“ რომ გადმოღვაროს.
მოდის ძუ ვეფხვი სიამაყით, იის სიმორცხვით,
მოდის და მოსდევს
მომავალიც,
აწმყოც,
წარსულიც,
მოაქვს პატარა საქართველოს დიდი სიცოცხლე.
მოდის ასული…
რუსთაველზე
მოდის ასული…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი