რიკოშეტის ფილოსოფია


თუ ფარულ მიზანს ურიკოშეტებ,
როდი მიიღებ ურიგო შედეგს.
ეშმაკმა უწყის, ეგ როგორ ხდება,
იქსს დაუმიზნებ და იგრეკს ხვდება.
იქნებ მეტი თქვას იგავ-არაკმა
ანდა ნიღაბი იყოს მისნური.
რიკოშეტულად სხლტება ქარაგმა
მიზანთან უფრო ზუსტად მისული
საწერ მაგიდის მწვანე პოლიგონს,
როგორც ბილიარდს, ვზვერავ და ვუტევ
სულ სხვა ძალა აქვს გაკენწლილ სტრიქონს,
არაპირდაპირს, ნახევრად უთქმელს.
თუ უღირსს მიაქვს მთავარი როლი -
თეატრმა სული ეშმაკს მიჰყიდა,
ეს ტალანტისთვის ზურგში სროლაა,
ირიბი სროლა სცენის მიღმიდან.
იყო ჩვენ შორის ერთი ღმერთკაცი
და რიკოშეტით იმდენს ცხრილავდნენ -
ნაღვენთი ტყვია შემოეგარსა
და ძეგლად იქცა, ღვთით, სიკვდილამდე.
მეც წამხდარი ვარ, დავრდომილი ვარ
სხვისი სიგლახით, სხვისი სიმდაბლით,
პირდაპირ ვიტყვი: მეც ცოდვილი ვარ,
თუმც ცოდვილი ვარ არაპირდაპირ.
წინაპრისათვის ნაძგერი შუბი
მეც მომხვედრია არაპირდაპირ,
ყველა მარაბდას, გარნისს თუ უბისს
ისე განვიცდი, ვით ხე - ბირდაბირს.
და ცოტნეს თაფლი... (აკურთხე, ღმერთო!)
თუ ჟამი წახდა და დადგა სიცხე,
ისეთი საღვთო ფიჭვიდან წვეთავს,
სადღაც ოდესმე ვიღაცა იცხებს.
ო, ბრმაო ტყვიავ, ნუ აღოღდები,
ნუ იციბრუტებ ღვთის წინააღმდეგ,
ჩემზე არეკვლით სხვას ნუ მოხვდები,
ჩემზე ასხლეტით სხვას ნუ წაახდენ!
დარტყმებს არ ვიცდენ... ბედთან ჯიბრში ვარ,
ბრძოლაც, დუელიც, ხვედრია მგოსნის.
ყოველ გასროლას, თითქოს ცირკში ვარ,
ფოკუსნიკივით ვიჭერ და ვკოცნი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი