გემის ვირთხების სიმღერა


სად ჩვენი რისკი და ფათერაკი
და სად ხმელეთის, ოჯახის ვირთხის!
მეზღვაურებმა „მგლები“ შეგვარქვეს
და თუ ბევრნი ვართ - კატაც კი გვიფრთხის
მათში ნუ გაგვრევთ, ო, მეგობრებო.
ჩვენი კატაა პატივსაცემი.
ქურდებიცა ვართ, მეკობრეებიც,
ისინი - მხოლოდ ქურდბაცაცები.
გემის დაღუპვას, საუბედუროდ
(თუნდაც სიცოცხლის მსხვერპლად მიტანით)
ვირთხები უფრო ადრე ვგებულობთ.
ვიდრე მესაჭე და კაპიტანი
კაცო ცოდვილო, განიკითხები!
თაფლის სანთლები ამაოდ ღვენთე,
წინასწარმეტყველ არათუ ვირთხებს,
შენ არ ინდობდი ზეკაცებს, ღმერთებს,
ვინც გეშს უღებდა ქვეყნის დაღუპვას.
მწარე სიმართლეს ვინც ქადაგებდა,
არ აყოვნებდი მათთვის აღაპებს,
ფეხით თელავდი მათ გულისწადილს.
შეაჩვენებდი სახელით ღმერთის,
ინკვიზიციის კოცონზე სწვავდი,
აციმბირებდი და ხვრეტდი, ხვრეტდი.
ჩვენც ასეთივე წმინდანები ვართ,
სიმართლისათვის ასევე ვკვდებით,
თუ ვირთხები ვართ, უფლის ნებით ვართ,
თუ ვქურდობთ - ისევ უფლის ნებით.
რა ბედენაა სულ რაღაც ფუნტი
შაქარი, ფქვილი, ნუგბარ-ბისკვიტი...
ამ წვრილმან ცოდვებს, დადგება წუთი,
ჩვენივე სისხლით გამოვისყიდით.
ვერა, წინასწარმეტყველთა კასტას
ვერას დააკლებს, ამხანაგებო,
ვერავითარი სიმუხთლე კაცთა,
საწამლავები და ხაფანგები.
მოდით, ხალხს ისევ შევუნდოთ ცოდვა
და დავუმტკიცოთ, რომ ვართ საჭირო,
ვიყოთ სულგრძელნი და კაცთა მოდგმა
კიდევ და კიდევ გადავარჩინოთ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი