ზეკაცების,ადამიანებისა და მაიმუნების შესახებ


ზეკაცს ნატრობდა ნიცშე
ქმნიდა ღვთაებრივ კიკლოპს,
ჩვენ კი ზეკაცურ ნიჭზე
სულ სვანაირად ვფიქრობთ.

თქვენ ზეკაცობა გსურდათ
და ღმერთის თარგზე ჭრიდით
ცხოვრებისეულ ხურდას
თუ ეპოქალურ ჭიდილს.

ადამიანი ვითომ
მაიმუნიდან მოდის?
მოდით ჩარლზ დარვინს ვკითხოთ:
- როგორ?
- საიდან?
- როდის?

თუმცა კაცივით ზრუნავს,
კაცს ყველაფერში ბაძავს,
არც ერთი მაიმუნი
ჯერ არ ქცეულა კაცად.

სამაგიეროდ კაცი
გამაიმუნდა ბევრი,
ახსოვს იმათი ღვაწლი
ათენს, რომსა თუ
ბერლინს.

მაიმუნური ხრიკით,
მაიმუნური ფანდით
ადამიანთა რიგი
ადის, ტახტამდეც ადის...

ზეკაცის სული განაგებს
რაც სიავეა ცისქვეშ:
ტყვეთა სიკვდილის ბანაკებს,
ეშაფოტებს და ხიშტებს.

ზოგიც პურს იმით შოულობს,
გვირგვინს მოარგებს ხბოს თავს,
იმპერატორთან კლოუნობს
და ტრაგიკოსობს ბრბოსთან.

კაცი არ არის, ჩანს
და ვით იქნება ქრისტე,
აქ გეთანხმებით, ჩარლზ,
თქვენ მართალი ხართ, მისტერ.

II
შემოიარა დუნია,
მხარე დიდი თუ პაწია,
სრულქმნილი მაიმუნია
თუ ნაკლოვანი კაცია?

ეს რა ჯურია, რა კასტა?
იხვეჭს და იხვეჭს ჯიუტად,
რაც მაიმუნი განკაცდა,
რაც კაცი გამაიმუნდა.

ყველა უკუღმა დაფასდა,
წამებულიც და იუდაც,
რაც მაიმუნი განკაცდა.
რაც კაცი გამაიმუნდა.

III
და აგერ ტყისკაცი ნამაიმუნარი
ზღვისპირად მოლუსკებს მოხაპავს პეშვით,
ეს მომავალი კოსმოსის სტუმარი
წვრილ ნადირს აოტებს მამონტის ეშვით...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი