მე ავადა ვარ და სიზმარში ვარ
მე ავადა ვარ და სიზმარში ვარ, ავად ვარ სიზმრით თუ სინამდვილით. თითქოს ბარტყი ვარ კატის არჩივი, ბარტყი ბუდიდან გადმოვარდნილი დრო კატასავით გრუტუნებს სადღაც, და მეპარება...და ნახტომს ზომავს, თავზე მშობლების ჟივილი მადგას და მოუხმობენ მშველელს და ქომაგს. ცდილობენ მიხსნან, გადამარჩინონ, არ ცხრება მათი დრტვინვა-განგაში. ხსნა კი, არ ვიცი,აქ დარჩენაა, თუ იქ წაყვანა, იმ ქვეყანაში? სინამდვილეა ეს თუ მირაჟი, სულის ძილია ეს თუ სიფხიზლე? სანამდე ვცოცხლობ, მე ვარ სიზმარში და რომ მოვკვდები, გამოვიღვიძებ? და ვეკითხები გარდაცვლილ მშობლებს: რომელი არი ყოფა მთავარი, ანდა რომელი ქვეყანა ჯობნის- მარადიული თუ წარმავალი? ბუნება მართლა უფლის სარკეა? თუ ნიღაბია და უცხო წიგნი? ანდა საგანთა იერარქია გადადის დროს და სივრცის იქით? რად ვიბადებით ან რატომ ვკვდებით, ან რა ვიყავით გაჩენის დღემდე? ბედისწერის თუ განგების ნებით რაღა ვიქნებით სიკვდილის შემდეგ? და დედა ამბობს, შიშით გვემული: ჭეშმარიტ ცოდნას კრძალავს უფალი, კაცი ყველაფერს მაშინ გებულობს, სული რომ ხდება თავისუფალი. ზღვარი დაუდოს ვერავინ შეძლებს დროის ბრუნვას თუ სულის ხეტიალს და ვინც სიკვდილით მეტია შენზე, მარადისობით ალბათ მეტია... სინამდვილეა ეს თუ მირაჟი? სულის ძილია ეს თუ სიფხიზლე? სანამდე ვცოცხლობ,მე ვარ სიზმარში, და რომ მოვკვდები-გამოვიღვიძებ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი