კაფე თესე
I გვხურავს ჭილის ქუდები მზისგან დასაფარად, სულ ხეტიალს ვუნდებით, დავალთ კარდაკარა. სიმინდიან იმერეთს, ვაზებიან კახეთს შევაგროვებთ სიმღერებს... „კაფე, თესე, კაფე“. II აბა, დასცხე, დასჭექე, კახავ კახაბერო, მაგ მადლიან ხმისათვის ღმერთმა დაგაბეროს. მალე შევხვევთ ფოთლებში კალმახებს და მურწებს, მერე ფიჩხის ღადარში გამოვაცხობთ უცებ, წაბლის საწებელაში მჭადასოკოს ვუწებთ. ტივს შევკრავთ და მდინარეს ვაპობთ ორთაყვირით, არემარე მძინარე ისმენს ორთა ყვირილს. ვიყავ ქართლში, კახეთში, გულიც დამრჩა იქა, ისევ მესმის ძახილი: გიგააა, ჰაი, გიგა! ჩემო პაპავ, ქიტესა. ჩემო ბიძავ, მიხა, კარგა ბლომა გითესავთ, კარგა ბლომა გიხნავთ. III იმერეთის ბოსტნები, ქოჩორა ჯიქურები, რიონისკენ ოცნებით, ბიჭო, რას იყურები? მომინდება ბავშვობა, მდინარეში ცურვა, მერე - მზეზე გაშრობა, ჭიდაობა ძმურად. ძველებურად ბიჭები აჯავრებენ ბუს. უცებ წამოვიჭრები და ბექიდან ვიძახი: - ბონდოია, უუუ!... – გურიაში მივალ, მარა სული წინ წინ გეიპარა... სულ არ მოვალ ამ ქვეყანას, რერო, შენ რომ არ მეგულებოდე, რერო... შენი მთაგრეხილები მთაზე მიჯაჭვული, გზები დაგრეხილები, როგორც კრიმანჭული. ბერიკაცი თამადობს, ტოლი, ამხანაგური, საგანგებოდ სტუმრისთვის თეთრყაბალახწაკრული, ძველი ნაციმბირალი, გავარდნილი ფირალი, ახლა სტუმრიანობის მოყვარული ყაძახი. არ ისვენებს, ოხუნჯობს, წამდაუწუმ ჩამძახის: „თუ გიყვარდე, დალიე, წვეთიც კი არ დატოვო, თორემ ისე ქათმის ხორცს ტურაც კი ჭამს, ბატონო“. IV გაზაფხულის წყალობით ზეცამ გამოიდარა, ერთი კარგი გალობის მეტი არა მინდა რა, კახამ ნახა ტივიდან ყანა ნახატივითა. როგორც ყურგრძელი კურდღელი, ოქროს ყურძენი უთვლელი, გაღმა-გამოღმა მინდვრები, გახვალ-გამოხვალ, ითვრები. მერე დალანდა წყლისპირი, ღელე, ჭალა და წისქვილი. მერე კოხტა ოდები, ბაღ-ბოსტანი ლურჯი. ჭალაკები კორდები აამღერა ფუნჯით. მალე მზეს მოიფონებს ტილო ხოხბისფერი, მე ამოვწნი სტრიქონებს, მერე კახა მღერის. შენი ყელის ჭირიმე, კახა კახაბერო, ემაგ ტკბილი სიმღერით ღმერთმა დაგაბეროს! სიმინდიან იმერეთს, ვაზებიან კახეთს შევაგროვებთ სიმღერებს... კაფე... თესე... კაფე...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი