ვინ ჩალიჩობს ამ ტყეებში...
ვინ ჩალიჩობს ამ ტყეებში - ჭინკები თუ სულები? მართლა აღარ გვაძინებენ ამ ბოლო დროს სრულებით. მთელი ღამე ამოწმებენ ტყის მხიარულ საკრავებს, ტყისპირებზე გაზაფხულის ჭრელ აფიშებს აკრავენ. მეც გავყურებ ამ გალოპრილ ხის ტოტებს და ღეროებს, როგორც არფებს, სალამურებს, კონტრაბასებს, ჩელოებს, საცა არი, მათ სხეულებს სულ შთაბერავს განგება და ხასხასა მწვანე ფოთლებს მოისხამენ ჰანგებად და ფესვიდან კენწერომდე მოყიჟინე კვირტებად ვნება ამოქუჩქუჩდება, რიტმი გამოიმტვრევა... ეს ფოთლები, ბალახები, ეს ჩიტები, მწერები მოხტუნავე ნოტებია თუ მფრინავი ბგერები? დავინთქები ტყით და ღრუბლით, მდინარით და ხვილიფით. როგორც ერთი ამოსუნთქვა, ერთი ექო, ბილიკი. და წალეკავს მთელ სამყაროს უფლის სამადლობელი - გაზაფხულის მწვანე ჰიმნი, მწვანე საგალობელი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი