ვეფხისტყაოსანი: როსტევან მეფისაგან და ავთანდილისაგან ნადირობა


დილასა ადრე მოვიდა იგი ნაზარდი სოსანი,
ძოწეულითა მოსილი, პირად ბროლ-ბადახშოსანი,
პირ-ოქრო რიდე ეხვია, ჰშვენოდა ქარქაშოსანი,
მეფესა გასლვად აწვევდა, მოდგა თეთრ-ტაიჭოსანი.

შეეკაზმა მეფე, შეჯდა, ნადირობას გამოვიდეს;
მგრგვლივ მინდორსა მოსდგომოდეს, ალყას გარე შემოჰკრვიდეს;
ზეიმი და ზარი იყო, სპანი ველთა დაჰფარვიდეს,
ნაძლევისა მათისათვის ისროდეს და ერთგან სრვიდეს.

უბრძანა: “მონა თორმეტი მოდით, ჩვენთანა ვლიდითა,
მშვილდსა ფიცხელსა მოგვცემდით, ისარსა მოგვართმიდითა,
ნაკრავსა შეადარებდით, ნასროლსა დასთვალვიდითა!”
დაიწყო მოსლვა ნადირმან ყოვლთა მინდორთა კიდითა.

მოვიდა ჯოგი ნადირთა ანგარიშ-მიუწთომელი:
ირემი, თხა და კანჯარი, ქურციკი მაღლა მხლტომელი.
მას პატრონ-ყმანი გაუხდეს, ჭვრეტადმცა სჯობდა რომელი!
აჰა მშვილდი და ისარი და მკლავი დაუშრომელი!

ცხენთა მათთა ნატერფალნი მზესა შუქთა წაუხმიდეს.
მიჰხოცდეს და მიისროდეს, მინდორს სისხლთა მიასხმიდეს,
რა ისარი დაელივის, მონანი-ყე მოართმიდეს.
მხეცნი, მათგან დაკოდილნი, წაღმა ბიჯსა ვერ წასდგმიდეს.

იგი ველი გაირბინეს, ჯოგი წინა შემოისხეს,
დახოცეს და ამოწყვიდეს, ცათა ღმერთი შეარისხეს,
ველნი წითლად შეეღებნეს, ნადირთაგან სისხლი ისხეს.
ავთანდილის შემხედველთა: “ჰგავსო ალვას, ედემის ხეს”.

იგი მინდორი დალივეს, მართ მათგან განარბენია,
მინდორსა იქით წყალი დის და წყლისა პირსა კლდენია.
ნადირნი ტყესა შეესწრნეს, სადა ვერა რბის ცხენია.
იგი მაშვრალნი ორნივე მოსწყდეს, რაზომცა მხნენია.

ერთმანერთსა, თუ: “მე გჯობო”, სიცილით ეუბნებოდეს,
ამხანაგობდეს, ლაღობდეს, იქით და აქათ დგებოდეს.
მერმე მოვიდეს მონანი, რომელნი უკან ჰყვებოდეს,
უბრძანა: “თქვითო მართალი, ჩვენ თქვენგან არ გვეთნებოდეს”.

მონათა ჰკადრეს: “მართალსა გკადრებთ და ნუ გემცთარებით;
მეფეო, ყოლა ვერ ვიტყვით შენსა მაგისა დარებით,
აწვეცა დაგვხოც, ვერა ჰგავ, - ვერად ვერ მოგეხმარებით, -
ვისგან ნაკრავნი გვინახვან მხეცნი ვერ წაღმა წარებით.

“ორთავე ერთგან მოკლული ყველაი ასჯერ ოცია,
მაგრა ავთანდილს ოცითა უფროსი დაუხოცია:
არ დასცთომია ერთიცა, რაც ოდენ შეუტყორცია,
თქვენი მრავალი მიწითა დასვრილი დაგვიხოცია”.

მეფესა ესე ამბავი უჩნს, ვითა მღერა ნარდისა,
უხარის ეგრე სიკეთე მისისა განაზარდისა,
აქვს მიჯნურობა ამისი, ვითა ბულბულსა ვარდისა,
სიცილით ლაღობს, მიეცა გულით ამოსლვა დარდისა.

იგი ორნივე საგრილად გარდახდეს ძირსა ხეთასა.
ლაშქართა შექმნეს მოდენა, მოდგეს უფროსნი ბზეთასა.
ახლოს უთქს მონა თორმეტი, უმხნესი სხვათა მხნეთასა.
თამაშობდეს და უჭვრეტდეს წყალსა და პირსა ტყეთასა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი