ვეფხისტყაოსანი: წიგნი ავთანდილისა თავის ყმათა თანა
დაწერა, თუ: “ჩემნო ყმანო, გამზრდელნო და ზოგნო ზრდილნო, ერთგულნო და მისანდონო, ამას ზედა გამოცდილნო, თქვენ ჩემისა საწადლისა მიდგომილნო, ვითა ჩრდილნო, წიგნი ჩემი მოისმინეთ, ყოვლნო ერთგან შემოყრილნო! “მიწაცა თქვენი ავთანდილ, ისმინეთ, გიწერ მე რასა: თვით ვიქმ ხელითა ჩემითა ამა წიგნისა წერასა, ცოტასა ხანსა ვარჩივე გაჭრა სმასა და მღერასა, პურად და საჭმლად მივენდევ ჩემსა მშვილდსა და ცერასა. “საქმე რამე მიც თავისა ზე სადმე გარდსახვეწელი, დავყო მარტოდ და ღარიბად ესე წლეული მე წელი, გემუდარები ამისთვის, ვარ თქვენი შემომხვეწელი, მე დამახვედროთ სამეფო მტერთაგან დაულეწელი. მე შერმადინ დამიგდია, ჩემად კერძად პატრონობდეს, სიკვდილსა და სიცოცხლესა სადამდისცა ჩემსა სცნობდეს, ყოვლთა მზეებრ მოგეფინოს, ვარდს არ ზრვიდეს, არ აჭნობდეს, შემცოდესა ყველაკასა ვითა ცვილსა დაადნობდეს. თქვენცა იცით, გამიზრდია, ვითა ძმა და ვითა შვილი. ამას ასრე ჰმორჩილობდით, არს ვითამცა ავთანდილი, ბუკსა იკრას, აქმნევინეთ ყოვლი საქმე, ჩემგან ქმნილი; მე თუ დრომდის არ მოვიდე, გლოვა გმართებს, არ სიცილი”. ესე წიგნი გაასრულა წყლიანმან და სიტყვა-ნაზმა, წელთა ოქრო შემოირტყა, საღარიბოდ მოეკაზმა, ბრძანა: “მინდორს შევჯდებიო”, ლაშქარიცა დაერაზმა; მასვე წამსა წამოვიდა, შინა ხანი არა დაზმა. ბრძანა: “წადით ყველაკაი, აქა მომხრედ არვინ მინა”. მონებიცა მოიშორვა, თავი გაითავისწინა, მარტო გარე შემობრუნდა, შამბი შიგან გაირბინა, მიწყივ მისად საგონებლად მისი მკლველი თინათინ ა. იგი ველი გაირბინა, ლაშქართაგან გაეკიდა. ვინმცა ნახა სულიერმან, ანუ ვინმცა გაეკიდა? ვის მახვილი ვერას ავნებს, მისი მკლავი გაეკიდა, მისგან ტვირთი კაეშნისა ტვირთად ვარგად გაეკიდა. რა ლაშქართა ინადირეს და პატრონი მოითვალეს, იგი პირ-მზე ვეღარ პოვეს, პირი მათი იფერმკრთალეს, მათსა დიდსა სიხარულსა სამძიმარი ანაცვალეს, ყოვლგან რბოდეს საძებარად, ვინცა იყო უცხენმალეს. “ღმერთი, ლომო, შენად ნაცვლად სხვასა ვისცა დანერგვიდეს!” დარბოდეს და სხვაგნით სხვათა მოამბეთა მოასხმიდეს; ვეღარა ცნეს მისი საქმე, გაიარა აქათ კიდეს, მისნი სპანი გულ-მოკლულნი ცრემლსა ცხელსა გარდმოჰყრიდეს. შერმადინ ერთგან შეყარნა ხასნი და დიდებულები, უჩვენა იგი უსტარი, ამბავი მისი თქმულები. რა მოისმინეს, ყველაი დარჩა გულ-დანაწყლულები, თავსა იცემდეს, არ იყო გული უცრემლო, ულები. ყოვლთა ჰკადრეს: “თუცა ყოფა ჩვენ უმისოდ გვეარმისცა, უშენოსა საჯდომი და ტახტი მისი ვისმცა მისცა? განაღამცა გმორჩილობდით, თუ გვიბრძანო რაცა ვისცა!” იგი მონა აპატრონეს, ყველაკამან თაყვანის-სცა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი