ვეფხისტყაოსანი: წიგნი ტარიელისა საყვარელთანა
“თვალთა დავიდევ უსტარი მე მისგან მონაწერია. პასუხად ვსწერდი: «მთვარეო, შენმცა მზე ვით მოგერია? მე ღმერთმან იგი ნუ მომცეს, რაც არა შენი ფერია! სიზმრად მგონია, დარჩომა ჩემი ვერ დამიჯერია». “ასმათს ვუთხარ: «მე პასუხსა ამის მეტსა ვერ მივჰხვდები; ესე ჰკადრე: «რათგან მზეო, ჩემთვის ნათლად აღმოჰხდები, აჰა, მკვდარი გამაცოცხლე, ამას იქით აღარ ვბნდები, რაცაღაა სამსახურსა, ვტყუვი, თუღა ვერიდები». “ასმათ მითხრა: «მე მიბრძანა, ესე ვქმნათო, ესე სჯობდეს: ვინცა გნახოს, ჩემგან მისსა საუბარსა ვერა სცნობდეს, ჩემად ნახვად მოვიდოდეს, შენ ვითამცა გაშიკობდეს; და-ცა-მვედრა: ამირბარსა უთხარ, ასრე ნამუსობდეს». “მეკეთა ესე თათბირი, სიბრძნე გულისა მისისა, მისი, მზესაცა რიდება ჰქონდის ნახვისა ვისისა; მისგან მომეცა მოსმენა არ საუბრისა მქისისა, ვისთა შუქთაგან უკუნსა ჰგვანდის სინათლე დღისისა. “ასმათს მივართვი რჩეული თვალი ოქროსა ჯამითა; მან მითხრა: «არა, არ მინდა, ვარ გამაძღარი ამითა». ერთი აიღო ბეჭედი, მართ აწონილი დრამითა: «ესე კმა ნიშნად, სავსე ვარ სხვად ხელის შესაბამითა». ქალი ადგა, წამოვიდა; მე ლახვართა გულსა მრიდეს, ლხინმან ბნელი განმინათლა, დაშრტეს, ცეცხლნი რომე მწვიდეს; შევე, დავჯე ნადიმადვე, ჩემნი სწორნი სადა სმიდეს. მხიარულმან საბოძვარი გავეც, ზამი გაადიდეს”.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი