ვეფხისტყაოსანი: ნესტანისაგან ტარიელის ხმობა
“დღესა ერთსა საწოლს მოვე მეფისა სრით წამოსრული, ვჯე და მასვე ვიგონებდი, არ მიეცა თვალთა რული; წიგნი მქონდა საიმედო, ამად ვიყავ მხიარული; კარსა მცველმან მონა უხმო, უთხრა რამე დაფარული. «მონააო ასმათისი», საწოლს ვუთხარ შემოყვანა. მოეწერა: «გიბრძანებსო», ვისი მესვა გულსა დანა. ლხინმან ბნელი განმინათლა, ამიფოლხვა ჯაჭვთა მანა, წავე, მონა წავიტანე, რამცა ვუთხარ ამისთანა! “ბაღჩა შევვლე, არა დამხდა კაცი ჩემი მოუბნარი; ქალი წინა მომეგება მხიარული, მოცინარი, მითხრა: «ვაშად ამოგიღე, არ გასვია გულსა ნარი, მოდი, ნახე ვარდი შენი უფრჭვნელი და დაუმჭნარი». “ამიგდო ქალმან ფარდაგი მძიმე თავისა ძალითა, სადა დგა კუბო შემკული ბადახშითა და ლალითა; შიგან ჯდა იგი პირითა მზისაებრ ელვა-მკრთალითა, მე შემომხედის ლამაზად მის მელნის ტბისა თვალითა. “დიდხან ვდეგ და არა მითხრა სიტყვა მისსა მონასურსა, ოდენ ტკბილად შემომხედნის ვითამცა რა შინაურსა; ასმათ უხმო, მოიუბნეს; ქალი მოდგა, მითხრა ყურსა: «აწ წადიო, ვერას გითხრობს», მე კვლა მიმცა ალმან მურსა. “ასმათ გამომყვა, წამოვე, ფარდაგი გამოვიარე, ვთქვი: «საწუთროო, ვის წეღან გული დარმანთა მიარე, მაშინ მოგეცა იმედი, ლხინი რად გამიზიარე?» გულმან გაყრისა სიძნელე კვლა უფრო დამიტია-რე! “ასმათ ლხინსა მიქადებდა, ჩავიარე შიგან ბაღი; მითხრა: «ეგრე წასლვისათვის ნუ გაჩნია გულსა დაღი, სიმძიმილთა ერდო დახაშ, სიხარულის კარი აღი; სირცხვილი აქვს საუბრისა, მერმე თავსა ჰკრძალავს ლაღი». “მე ვუთხარ: «დაო, შენგან ვეჭვ ამა გულისა წამალსა; ზენაარ, სულთა ნუ გამყრი, ამბითა შრეტდი ამ ალსა, ჩემთანა წიგნსა ნუ გასწყვედ შენ ზედა-ზედა მავალსა; თუ რას სცნობ ჩემთვის, არა ვეჭვ მე შენგან, არ, დანამალსა». „შევჯე, წამოვე, მდიოდა ნაკადი ცრემლთა მილისა; საწოლს შემოვე, ხელ-ქმნილსა ღონე არ მქონდა ძილისა, ბროლი და ლალი შევიქმენ მე ულურჯესი ლილისა; ღამე მერჩია, მეწადა არ-გათენება დილისა”.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი