ვეფხისტყაოსანი: შველა ტარიელისაგან ფრიდონისა
“მოჯობდა, ომი შეეძლო, ხმარება ცხენ-აბჯარისა; დავკაზმეთ ნავი, კატარღა და რიცხვი სპათა ჯარისა; კაცი ხმდა, მისთა მჭვრეტთათვის ღონემცა ეაჯა რისა! აწ გითხრა ომი მოყმისა, მებრძოლთა დამსაჯარისა. “მათი მესმა დაპირება, ჩაბალახთა ჩამობურვა; ნავი წინა მომეგება, არა ვიცი, იყო თუ რვა. ფიცხლად ზედა შევეჯახე, მათ დაიწყეს ამოდ ცურვა; ქუსლი ვჰკარ და დავუქცივე, დაიზახეს დიაცურ ვა! “კვლა სხვასა მივე, მოვჰკიდე ხელი ნავისა ბაგესა, ზღვასა დავანთქი, დავხოცე, ომიმცა რაღა აგესა! სხვანი გამექცეს, მიჰმართეს მათ მათსა საქულბაგესა; ვინცა მიჭვრეტდეს, უკვირდა, მაქებდეს, არ მაძაგესა. “ზღვა გავიარეთ, გავედით, შემოგვიტივეს ცხენია, კვლა შევიბენით, შეიქმნა ომისა სიმარცხენია. მუნ მომეწონნეს ფრიდონის სიქველე-სიფიცხენია: იბრძვის ლომი და პირად მზე, იგი ალვისაც ხენია. “თვით ორნივე ბიძა-ძენი მისნი ხრმლითა ჩამოყარნა, ხელნი წმიდად დაეკვეთნეს, იგი ასრე ასაპყარნა, მოიყვანნა მხარ-დაკრულნი, ერთმან ორნი არ დაყარნა, მათნი ყმანი აატირნა, მისნი ყმანი ამაყარნა. “მათნი ლაშქარნი გაგვექცეს; ვეცენით, გა-ცა-ვფანტენით. ფიცხლად წავუღეთ ქალაქი, არ თავნი გავაზანტენით; ქვითა დავჰლეწეთ წვივები, ჩვენ იგი გავანატენით. მომკალ, თუ ლარი დაჰლიოთ ან აკიდებით, ან ტენით. “ფრიდონ ნახნა საჭურჭლენი და ბეჭედნი მისნი დაჰსხნა. თვით ორნივე ბიძა-ძენი დაპყრობილნი წამოასხნა. მისად ნაცვლად სისხლნი მათნი მოღვარნა და ველთა ასხნა; ჩემი თქვეს, თუ: «ღმერთსა მადლი, ვინ ალვისა ხენი ასხნა!» “მივედით, მოქალაქეთა ზარი ჩნდა, რომე ზმიდიან, აჯაბთა მქმნელნი მჭვრეტელთა გულსა მუნ დააბმიდიან; მე და ნურადინს ყველანი ქებასა შეგვასხმიდიან, გვითხრობდეს: «მკლავთა თქვენთაგან ჯერთ მათნი სისხლნი მიდიან!» “ლაშქარნი ფრიდონს მეფედ და მიხმობდეს მეფეთ-მეფობით, თვით თავსა მათსა - მონად და ჩემსა - ყველასა სეფობით; დაღრეჯით ვიყავ, ვერ მპოვეს ვეროდეს ვარდის მკრეფობით, ჩემი ვერ ცნიან ამბავი, მუნ იყო არ იეფობით”.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი