ვეფხისტყაოსანი: მბობა ტარიელისაგან ლომ-ვეფხის დახოცისა
“რა წამეკიდა, ყველაი წვრილად გიამბო ენითა, მერმეღა გაბრჭევ მართალი მაგა გულითა ბრძენითა; შენ მოგელოდი, მიმჭირდა მოლოდინითა შენითა, ქვაბს ვეღარ გავძელ, მინდორთა მოვლა მომინდა ცხენითა. “იმა ქედსა გარდავადეგ, იგი შამბნი მომეარნეს; ერთი ლომი, ერთი ვეფხი შეკრბეს, ერთად შეიყარნეს, ჰგვანდეს რათმე მოყვარულთა, მათი ნახვა გამეხარნეს, მათ რა უყვეს ერთმანერთსა, გამიკვირდეს, შემეზარნეს. “ქედსა გარდავდეგ, ლომ-ვეფხნი მოვიდეს ერთგან რებულნი, - სახედ ვამსგავსე მიჯნურთა, ცეცხლნი დამევსეს დებულნი, - შეიყარნეს და შეიბნეს, იბრძოდეს გამწარებულნი, ლომი სდევს, ვეფხი მიურბის, იყვნეს არ ჩემგან ქებულნი. “პირველ ამოდ ილაღობეს, მერმე მედგრად წაიკიდნეს: თვითო ტოტი ერთმანერთსა ჰკრეს, სიკვდილსა არ დაჰრიდნეს; გამოჰრიდა ვეფხმან გული, - დედათამცა გამოჰრიდნეს! - ლომი მედგრად გაეკიდა, იგი ვერვინ დაამშვიდნეს. ლომსა დავუგმე ნაქმარი, ვარქვი: «არა ხარ ცნობასა, შენ საყვარელსა რად აწყენ? ფუ მაგა მამაცობასა!» ხრმალ-გამოწვდილი მივუხე, მივეც ლახვართა სობასა, თავსა გარდავჰკარ, მო-ცა-ვკალ, დავჰხსენ სოფლისა თმობასა. “ხრმალი გავტყორცე, გარდვიჭერ, ვეფხი შევიპყარ ხელითა; მის გამო კოცნა მომინდა, ვინ მწვავს ცეცხლითა ცხელითა; მიღრინვიდა და მაწყენდა ბრჭალითა სისხლთა მღვრელითა, ვეღარ გავუძელ, იგიცა მოვკალ გულითა ხელითა. რაზომსაცა ვამშვიდებდი, ვეფხი ვერა დავამშვიდე, გავგულისდი, მოვიქნივე, ვჰკარ მიწასა, დავაწყვიდე; მომეგონა, ოდეს ჩემსა საყვარელსა წავეკიდე; სული სრულად არ ამომხდეს, რას გიკვირს, რომ ცრემლსა ვჰღვრიდე! “აჰა, ძმაო, მითხრობია ჭირი ჩემი, რაცა მჭირდა; სულთა დგმაცა არა მმართებს, ასრე გასლვა რად გიკვირდა! სიცოცხლესა გავეყარე, სიკვდილიცა დამიძვირდა”. ესე სიტყვა დაასრულა, ყმამან სულთქნა, ა-ცა-ტირდა. ავთანდილცა მასთანავე ტიროდა და ცრემლსა ჰღვრიდა; უთხრა: “დათმე, ნუ მოჰკვდები, გულსა სრულად ნუ დასჭრი და! ღმერთი მაგას მოწყალეობს, თუცა ჭირმან არ გაგრიდა; თუმც უნდოდით გასაყრელად, პირველ ერთად არ შეგყრიდა. “სდევს მიჯნურსა ფათერაკი, საწუთროსა დაანავღლებს, მაგრა ბოლოდ ლხინსა მისცემს, ვინცა პირველ ჭირსა გასძლებს; მიჯნურობა საჭიროა, მით სიკვდილსა მიგვაახლებს, გასწავლულსა გააშმაგებს, უსწავლელსა გაასწავლებს”.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი