ვეფხისტყაოსანი: ფატმანისაგან ავთანდილის გამიჯნურება
სჯობს სიშორე დიაცისა, ვისგან ვითა დაითმობის: გილიზღებს და შეგიკვეთებს, მიგინდობს და მოგენდობის, მართ ანაზდად გიღალატებს, - გაჰკვეთს, რასცა დაესობის, - მით დიაცსა სამალავი არასთანა არ ეთხრობის. ფატმან ხათუნს ავთანდილის გულსა ნდომა შეუვიდა, სიყვარული მეტის-მეტი მოემატა ცეცხლებრ სწვიდა. დამალვასა ეცდებოდა, მაგრა ჭირთა ვერ მალვიდა, იტყვის: “რა ვქმნა, რა მერგების!”, აწვიმებდა, ცრემლთა ღვრიდა. “მიღმა ვუთხრა, ვა თუ გაწყრეს, შეხედვაცა დამიძვირდეს! თუ არ ვუთხრა, რაგვარ გავძლო! ცეცხლი უფრო გამიხშირდეს. ვთქვა და მოვკვდე, ანუ დავრჩე, ერთი რამე გამიპირდეს; მას მკურნალმან რაგვარ ჰკურნოს, თუ არ უთხრას, რაცა სჭირდეს?!”
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი