ვეფხისტყაოსანი: წიგნი ფატმანისა ავთანდილთანა სამიჯნურო


დაწერა წიგნი საბრალო, მის ყმისა მისართმეველი,
მისისა მიჯნურობისა, მისთა პატიჟთა მცნეველი,
მისთა მსმენელთა გულისა შემძრველი, შემარხეველი,
უსტარი შესანახავი, არ ცუდად დასახეველი:

ჰე მზეო, ღმერთსა ვინათგან მზედ სწადდი დასაბადებლად,
მით შეგქმნა მოშორვებულთა ჭირთა, არ ლხინთა მწადებლად,
ახლოს შემყრელთა დამწველად, მათად ცეცხლისა მადებლად,
მნათობთა შენი შეხედვა ტკბილად უჩნს, დასაქადებლად.

“შენ გტრფიალობენ მჭვრეტელნი, შენთვის საბრალოდ ბნდებიან,
ვარდი ხარ, მიკვირს, ბულბულნი რად არა შენზედ კრფებიან!
შენი შვენება ყვავილთა აჭნობს და ჩემნიც ჭნებიან,
სრულად დამწვარვარ, თუ მზისა შუქნი არ მომესწრებიან.

“ღმერთი მყავს მოწმად, ვიშიშვი თქვენსა ამისსა თხრობასა,
მაგრა რა ვირგო დღე-კრულმან, სრულად გავჰყრივარ თმობასა,
გული ვერ გასძლებს ნიადაგ შავთა წამწამთა სობასა,
თუ რას მეწევი, მეწივე, თვარა მივჰხვდები ცნობასა!

“მე ვირე ამა წიგნისა პასუხი მომივიდოდეს,
ვცნობდე, გინდოდე საკლავად, ან ჩემი რა გაგვიდოდეს,
მუნამდის გავძლო სულთა დგმა, გული რაზომცა მტკიოდეს,
სიცოცხლე, ანუ სიკვდილი გარდმიწყდეს, ნეტარძი, ოდეს!”

ფატმან ხათუნ დაწერა და გაუგზავნა წიგნი მისი.
ყმამან ასრე წაიკითხა, და ვინმეა, ანუ თვისი;
თქვა: “არ იცის გული ჩემი, ვინ მაშიკობს ვისსა ვისი,
რომე მიმიჩნს სამიჯნურო, რად ვამსგავსო მე მას ისი!”

თქვა: “ყვავი ვარდსა რას აქმნევს, ანუ რა მისი ფერია!
მაგრა მას ზედა ბულბულსა ჯერთ ტკბილად არ უმღერია.
უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა, მით ოხერია.
რა უთქვამს, რა მოუჩმახავს, რა წიგნი მოუწერია!”

ესეგვარი საზრახავი დაუზრახა გულსა შინა;
მერმე იტყვის: “ჩემი შემწე ჩემგან კიდე არავინ ა;
რასათვისცა გამოჭრილ ვარ, მისი ძებნა რათგან მინა,
რათამცა ვით ვჰპოვებ, მას ვიქმ, გულმან სხვამცა რა ისმინა!

“ისი დიაცი აქა ზის, მნახავი კაცთა მრავალთა,
მოსადგურე და მოყვარე მგზავრთა, ყოველგნით მავალთა;
მივჰყვე, მიამბობს ყველასა, რაზომმცა, ცეცხლი, მწვავ ალთა,
ნუთუ რა მარგოს, მე მისი გარდახდა ჩემგან ვცნა ვალთა”.

თქვა:“დიაცსა ვინცა უყვარს, გაექსვის და მისცემს გულსა,
აუგი და მოყივნება არად შესწონს ყოლა კრულსა;
რაცა იცის, გაუცხადებს, ხვაშიადსა უთხრობს სრულსა,
მიჯობს, მივჰყვე, განღა სადმე ვსცნობ საქმესა დამალულსა”.

კვლა იტყვის: “ვერვინ ვერას იქმს, თუ ეტლი არ მოსთმინდების;
მით რაცა მინდა, არა მაქვს, რაცა მაქვს, არ მომინდების;
ბინდის გვარია სოფელი, ეს თურე ამად ბინდდების,
კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოსდინდების!”

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი