ვეფხისტყაოსანი: ქორწილი ტარიელისა და ნესტან-დარეჯანისა ფრიდონისაგან


მათ ქალ-ყმათათვის საჯდომი დაედგა თეთრ-ძოწეული,
წითელ-ყვითლითა თვალითა ზედა კეკლუცად ფრქვეული;
ავთანდილისთვის - ყვითელი და შავი ერთგან რეული;
მოვიდეს, დასხდეს; მჭვრეტელი ვცან მათი სულ-დალეული.

მგოსანნი მოდგეს, ისმოდა ხმა სიმღერისა ტკბილისა;
ქორწილი ქმნეს და გამრავლდა ძღვნობა ლარისა ლბილისა
ფრიდონის პურად კარგისა, არ მასპინძლისა წბილისა;
ნესტან-დარეჯანს უშვენის ღიმილი, ჩენა კბილისა.

მოიღეს ძღვენი უსახო ფრიდონის არ-ალქატისა,
ცხრა მარგალიტი, სიდიდით მართ ვითა კვერცხი ბატისა,
კვლა ერთი თვალი, სამსგავსო მზისა შუქ-მონამატისა,
მას წინა ღამით ძალ-ედვის მხატვარსა ხატვა ხატისა.

კვლა უძღვნა თვითო ფარღული, გარდასაყრელი ყელისა,
მგრგვლად დათლილისა თვალისა, იაგუნდისა მრთელისა;
კვლა მოაქვს ერთი ტაბაკი, მძლედ საჭირავი ხელისა,
ავთანდილისთვის ლომისა ძღვენი ფრიდონის ქველისა.

იგი ტაბაკი სავსეა მარგალიტითა სხვილითა.
ავთანდილს უძღვნა ყველაი არა სიტყვითა წბილითა.
აივსო სახლი სტავრითა და ოქსინოთა ლბილითა,
ტარიელ მადლი უბრძანა, ლაღმან სიტყვითა ტკბილითა.

ფრიდონისგან უსაზომო ქორწილია დღესა რვასა;
ყოვლთა დღეთა მიართმიდეს უფასოსა ძღვენსა მზასა;
დღე და ღამე არ გასწყვედდის ჩაღანა და ჩანგი ხმასა.
აჰა, მიჰხვდეს შესაფერნი ყმა ქალსა და ქალი ყმასა.

ტარიელ ფრიდონს უბრძანა დღე-ერთ სიტყვები გულისა:
“არს გული თქვენი საჩემოდ უფროსი ძმისა სრულისა,
არ გემუქფების სიცოცხლე, არცა მოცემა სულისა,
მე თქვენგან ვპოვე მოკვდავმან ჩემი წამალი წყლულისა.

“ავთანდილისგან შენც იცი ჩემთვის თავისა დადება,
აწ მე მაქვს ნაცვლად მისისა მოხმარებისა წადება:
შენ მიდი, ჰკითხე, რა უნდა, მან ქმნას ამისი ცხადება,
ვითა დამივსო სახმილი, ეგრე მისიცა კმა დება.

“უთხარ: «ძმაო, რა გარდიხდის შენგან ჩემსა ჭირ-ნახულსა!
ღმერთი მოგცემს წყალობასა, მისგან ზეცით შესახულსა!
თუ ვერა ვიქმ საწადელსა შენსა, შენთვის გაზრახულსა,
არა ვნახავ სახლსა ჩემსა, არ დარბაზსა, არცა ხულსა.

«აწ მითხარ, ჩემგან რა გინდა, ანუ რით მოგეხმარები?
ვარჩევ, წავიდეთ არაბეთს, იყავ ჩემიცა მარები;
ტკბილი სიტყვითა გავმართოთ და ხრმლითა საომარები.
თუ შენ შენს ცოლსა არ შეგრთავ, მე ჩემსა არ ვექმარები».“

რა ფრიდონ უთხრა ავთანდილს ტარიას მოციქულობა,
მას გაეცინნეს, გაღიმდა, ჰშვენოდა მხიარულობა;
თქვა, თუ: “მეშველი რად მინდა, მჭირს არავისგან წყლულობა!
ჩემი მზე არცა ქაჯთა ჰყავს, არცა სჭირს ლხინ-ნაკლულობა.

“ჩემი მზე ტახტსა ზედა ზის მორჭმული ღმრთისა ნებითა,
საკრძალავი და უკადრი, ლაღი, არვისგან ვნებით ა,
არცა რა უმძიმს ქაჯთაგან, არცა გრძნეულთა გრძნებითა,
მას ზედა შველა რად მინდა?! რად მეჭვ რასაცა თნებითა?

“რა მოვა ჩემთვის განგება, ზეცით მოსრულნი ზენანი,
ღმერთი იწადებს, მომივლენ გულის სახმილთა ლხენანი;
მაშინღა მომხვდენ მოკვდავსა მზისა ელვათა ფენანი,
უმისჟამისოდ ცუდია ჩემგან მი და მო რბენანი.

“მიდი და ჰკადრე ტარიელს პასუხი, ჩემგან თხრობილი:
«მადლი რად უნდა, მეფეო, ხარ რაზომ გინდა ლმობილი?
ვარ მუცლითგანვე დედისა თქვენად სამონოდ შობილი,
ღმერთმან მუნამდის მიწა მყოს, ვირ მეფე იყო ცნობილი.

«გებრძანა: «შეყრა მწადიან საყვარელისა შენისა».
ეგე არს მსგავსი გულისა ლმობიერისა თქვენისა;
მუნა მე ხრმალი არ მიკვეთს, არცა სივრცელე ენისა,
მიჯობს მოლოდნა საქმისა მის განგებისა ზენისა.

«ესეა ჩემი საწადი და ჩემი მოსანდომარე:
ინდოეთს გნახო მორჭმული, საჯდომთა ზედა მჯდომარე,
გვერდსავე გიჯდეს მნათობი პირი ელვათა მკრთომარე,
მებრძოლნი თქვენნი მოგესრნეს, არვინ ჩნდეს მუნ მეომარე.

«რა გამისრულდენ ესენი ჩემნი გულისა ნებანი,
მაშინღა მივალ არაბეთს, მომხვდენ მის მზისა ხლებანი;
ოდესცა სწადდეს, დამივსნეს ამა ცეცხლისა დებანი.
სხვა თქვენგან არა არ მინდა, მძულან ცუდნიღა თნებანი»”.

რა ფრიდონ ჰკადრა ტარიელს ესე სიტყვანი ყმისანი,
მან ბრძანა: “მაგას არა ვიქმ, ამას არ უნდა მისანი.
ვითა მან პოვნა მიზეზნი ჩემისა სულთა დგმისანი,
ეგრევე მანცა სამისოდ ნახნეს ძალ-გულნი ძმისანი.

“მიდი, უთხარ ჩემ მაგიერ სიტყვა ჩემგან არ-ნათნები:
«მე შენისა გამზრდელისა უნახავად არ დავდგები.
ვეჭვ, მრავალი დამეხოცოს მონა, მისგან საყვარლები,
ვითხოვ ხოლე შენდობასა, ეგეთიღა მოვბრუნდები».

“ესე უთხარ: «ამის მეტსა ჰმოციქულობ ნურას ნუო,
ხვალე წასლვა არ დავშალო, არცა საქმე გავათუო;
მე არ მიზამს არაბთ მეფე, რომე სიტყვა გავაცრუო,
ამოდ ვსთხოვო ქალი მისი, შევეხვეწო, შევაგუო»“.

უამბო ფრიდონ ავთანდილს ტარიას მოციქულობა:
“არ დადგებისო, ცუდია შენგან ცდისაღა თქმულობა”.
მას დაუმძიმდა, მოედვა კვლა გულსა კვამლ-ალმულობა.
ასრე ხამს რიდი მეფეთა, ყმათაგან მოკრძალულობა!

ავთანდილ მივა მუხლ-მოყრით ტარიას შესახვეწელად,
ფერხთა ეხვევის, აკოცებს, აღარ შეხედავს ზე წელად,
ეტყვის: “კმა, რაცა შევსცოდე როსტანს წლეულად მე წელად,
კვლა ნუ მიქმ ერთგულობისა გამტეხლად, და-ცა-მლეწელად.

“რასაცა ჰლამი, არ მოგცემს მას ღმრთისა სამართალია,
გამზრდელსა ჩემსა ვით ვჰკადრო მე საქმე სამუხთალია!
მე მისთვის ხელი ვით გავძრა, ვინ ჩემთვის ფერ-ნამკრთალია!
ვით მოიხმაროს მონამან პატრონსა ზედა ხრმალია!

“ეგე საქმე მე და ჩემსა საყვარელსა შეგვამდურვებს,
ვა თუ გაწყრეს, გაგულისდეს, კუშტი გულსა შეაურვებს,
ამბავსაცა დამიძვირებს, ჭვრეტისათვის მომასურვებს,
შენდობასა ხორციელი კაცი ვერა დამიურვებს”.

ტარიელ უთხრა სიცილით, მან მზემან შუქ-ნაფენამან,
ხელი მოჰკიდა ავთანდილს, აჰმართა, ააყენა მან:
“მიყოო კარგი ყველაი მომართებამან შენამან,
მაგრა სჯობს, შენცა გალხინოს ჩემმან შენითა ლხენამან.

“დია მძულს მეტი მოყვრისა შიში, კრძალვა და რიდობა,
მძულს გაუწყვედლად კუშტობა და სულ-მძიმობა, დიდობა;
თუ მოყვარეა, გულისა ქმნას ჩემკე მონაზიდობა,
თვარა მე ჩემდა, იგ მისდა, დია სჯობს კიდის-კიდობა.

“მე ვიცი გული საშენოდ შენისა საყვარელისა,
არ ეწყინების სტუმრობა შენისა მე შემყრელისა.
რადმცა რა ვჰკადრე მეფესა თხრობა რასაცა ჭრელისა!
ოდენ ნახვისა მათისა ნატრა მაქვს სანატრელისა.

“ამას ოდენ მოვახსენებ მუდარით და შეპოვნებით,
რომე მოგცეს ქალი მისი მან მისითა მოგონებით.
რათგან ბოლო შეყრავეა, სიშორესა ვით ეთნებით?
დააშვენეთ ერთმანერთი, თავის-თავის ნუ დასჭნებით”.

რა ავთანდილ ტარიასგან ცნა, წასლვასა არ დაშლიდა,
არა ჰკადრა შეცილება, საუბარსა ზედა ჰრთვიდა;
ფრიდონ კაცსა დარჩეულსა სათანაოდ გარდასთვლიდა,
თანა წაჰყვა, განაღამცა მასთანავე გზასა ვლიდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი