შენ ხარ მამული ..
შენ ხარ მამული და სამრეკლოდან შენი ზარები რეკს გამეტებით. რა იცის მტერმა, _ ვერ გაითლება კუბო, რომელშიც შენ ჩაეტევი, გროში ფასია ახლა ნუგეში, ახლაც მირკანი აპრილს მოდენის, ისევ გაგწირეს და კვლავ უხეში ხელით დაგკიდეს სისხლის ორდენი, ზღვას წალეკს, რაც შენ შხამი დასცალე, პატიოსან მკვდრით და ცოცხალ ცხედრით, არ მოგატყუონ, შენ გენაცვალე, არ დაგლევია ღამის მხედარი, გმადლობთ, რომ ზავთობს ამაყი გენი, ნერგი მთელი და ფესვი კეთილი, არ წაიქცევა სიფხიზლე შენი... და გუშინდელი დღის გაკვეთილი. ვერ დავითვალე შენი მევალე, დანა ყუამდე არის დასული, სანამ სიმართლე არის მხევალი და მოთმინება ძელზე გასული. მტრების ჯინაზე (გაუსკდეთ გული), იწვის თბილისი ვარდის ხანძარით, შეგინებულიც და შერისხულიც ისე ნაღდი ხარ, ისე მართალი. შენ ხარ მამული და სამრეკლოდან შენი ზარები რეკს გამეტებით. რა იცის მტერმა, _ ვერ გაითლება კუბო, რომელშიც შენ ჩაეტევი.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი