ნაწყვეტ-ნაწყვეტი (მინიატურული პოეზია)
. . . ჩვენ შეგვიყვარდა ზამთრის ცივი საღამოები, როგორც ბეღურებს ხელისგულზე დაფშხვნილი პური... . . . მე უდაბნოსკენ ავედევნე მზისფერ ქარავანს და ოქროს მტვერი შემოვრჩი ქვიშას... ალბათ, ვინმეს უდაბნოსფერ მუჭში გაპარული სიყვარულივით ჩამოვიცრები... . . . ამაღამ მოწვიმს, მესიზმრება გაწუწული, ციცქნა ბეღურა და მოგინატრებ, რომ შენი მხრები საწვიმარად წამოვიხურო . . . ჩამოთბა. სისხლის ნაცვლად გაზაფხული მიდგას ძარღვებში. . . . გარეთ დაიძრა ღამე. ოთხ კედელს შუა დროსთან ერთან ჩაივიყინე... შენს მოლოდინში. . . . დაღამდა. ამ დღისგანაც არაფერი დარჩება, ალბათ, კიდევ ერთი გრძელი ნაოჭი შეუმჩნევლად გაწვება შუბლზე. . . . მე ვემსგავსები საწვიმარ ამინდს, ზეცას ღრუბლიანს და ღრუბელს ცაზე, სისხლჭარბობისგან დასკდომაზე რომ აქვს ძარვები. .. . ქალაქში ფარშევანგები აღარ არიან. უკანასკნელი დარდით მოკვდა, რადგან ვიღაცამ მისი კუდით ოთახი მორთო. . . . მარტოობა ჩამომიჯდა სასთუმალთან და სიზმრებში ჩამეზიარა. . . . ფერადი საღებავები დავკარგე – – აკვარელი. დასანანია. მე ხომ იმით ჯერ არაფერი დამიხატავს. ღამე ფართოდ ამოჭრილ გულისპირში მზე ჩამივარდა გაზაფხული მიწამ ენძელები იმშობიარა ფატალური გაუგებრობა ჩემს ბედის ხაზებს გზა დაებნათ და ბედისწერა შენს ხელისგულზე გადამიწერეს. კონფლიქტი როგორ მინდოდა,მოვსულიყავი, მეთქვა, რომ არ გებუტები და ჩემს პატარა ნეკს ეშუამავლა. . . . ისევ ვწერ ლექსებს და ისევ წითლად ვიფერავ ფრჩხილებს – – ანჩხლი ზაფხული, შუადღის მზეს სიმინდის ფოჩით რომ დაიჩრდილავს. . . . პირველ ღამეებს არ მიაქვთ ბავშვობა. ბავშვობა პირველ ნაბიჯებს მიაქვთ. . . . ყველა ქალი ხომ ფუფალაა, ყავის ჩიქაში, საკუთარი ოცნების ინიციალებს რომ ეძებეს. ... გახუნებულ ბალახებს ვერცხლისფერი მოედო, ბავშვობაში ნანახი სიზმარივით მოხვედი. ... იასამნის სურნელი თითქოს სევდას მიმატებს, ურჩი მელოდიასავით, ურჩად ამეკვიატე. ... იმ პატარა ბეღურას ალბათ კატა შეჭამდა, ის პატარა ბეღურა მე მგავდა. ... ისე დამაკლდი, თითქოს ნოტები ამაცალეს პიანინოდან. . . . შენი შეხება გადამექცა ლამაზ ოცნებად, მაგრამ უშენოდ რა მეოცნებ... რა მეკოცნება . . . ნუ მელოდები, ის სიზმარი, ჩვენ რომ ვხვდებოდით ერთ მზიან დილას წყალს გავატანე... . . . ყური დაუგდე ჩემს თვალებს, ჩემს გულს უცქირე, როგორ ფეთქავს, და სუნთქვაზე მომეჭიდე, თუ გინდა, რომ არ ჩაიძირო... . . . ცერის ბალიშებს დამიტოვებ ქუთუთოებზე და როცა რული მოერევათ მზეჩამქრალ თვალებს იცოდე მაშინ, გაგისტუმრე ლოდინის ვალი. . . . დიდხანს გეძებდი, ყველგან, სადაც გული მიმიწვდა, სადღაც, ოცნების გაუკვალავ ბილიკზე, ბოლოს, გიპოვე, ძილში დავიწყებულ სიზმრისფრად თოვდი... . . . გულს სისხლის ნაცვლად შენზე ფიქრს ვაწვდი. . . . იმ სიზმარს გავხარ, ერთხელაც რომ ვერ დავისიზმრე და ის ღამე ხარ, ერთ დილას რომ არ გამითენდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი