''ვაი რომ ბევრი აღარ ფიქრობს ასე''
მწერალ თამაზ ჭილაძის 1994 წელს წარმოთქმული საახალწლო სიტყვა XXI საუკუნეშიც კი გასაოცრად თანამედროვე და აქტუალურია: “ამ ახალ წელს ხმადაბლა, თითქმის ჩურჩულით, უფრო ჩემთვის, ვიდრე სხვათა გასაგონად, მინდოდა რამდენიმე სიტყვა მეთქვა ჩემი ქვეყნისთვის… ისევე, როგორც გაჭირვებული, მარტოდ დარჩენილი ადამიანი ღმერთს მიმართავს ხოლმე და, მართლაც, ისევე, როგორც ღმერთის წინაშე, საყვედური კი არ დამცდენოდა, არამედ მეთქვა, რომ მიუხედავად ამდენი უბედურებისა, ძმათა კვლისა, სისასტიკისა, სიბნელისა, გაუგებრობისა, ვამაყობ მისით და მისი ერთი პაწაწინა ნაწილი, სისხლი სისხლთაგანი, ხორცი ხორცთაგანი, ბედნიერად ვთვლი თავს, მისი შვილი რომ ვარ, მისი სიღატაკით ვარ ღატაკი და მისი სიმდიდრით – მდიდარი და არ არსებობს დედამიწაზე ქვეყანა, რაც უნდა მაღალი კულტურითა და ცივილიზაციის დონით გვხიბლავდეს, მისი გულისათვის ერთი წამით მაინც მეფიქროს ჩემი გაუბედურებული ქვეყნის მიტოვება, რადგან, მის სალ კლდეებზე მკერდგადაგლეჯილებისთვის დასიზმრებულ სამოთხეზე მშვენიერია იგი და დედის სურნელი მარტო მასა აქვს… რა თქმა უნდა, შემეძლო აქ დამემთავრებინა ჩემი საახალწლო სიტყვა, რომელიც, მართლაც, ლოცვას უფრო ჰგავს, ვიდრე ჩვეულებრივ საუბარს, მაგრამ იმედი მაქვს, ჩემსავით უამრავსა და უამრავს “ბედისგან დაჩაგრულს”, როგორც ილია იტყოდა, ჩემი სიტყვები ეგზალტირებულ ლოცვად არ მოეჩვენება. ბევრი გამიგებს ალბათ, მაგრამ, ვაი რომ, ბევრი აღარ ფიქრობს ასე. ბევრმა დღეს ჩემი სიტყვა, შეიძლება, ლოცვად კი არა, სიბრიყვედაც კი მიიჩნიოს, მაგრამ მჯერა, ამ ახალწლის პირველ დღეს ბევრი ჩემსავით სასოწარკვეთამდე მისული, ელოდება საიმედო სიტყვას, ჩემსავით უნდა ირწმუნოს, რომ მისი მოთმინება ამაო არ არის, რომ ხვალ რაღაც შეიცვლება, ყოველ შემთხვევაში, ადამიანობას დავიბრუნებთ, ადამიანურად ცხოვრებას დავიწყებთ…”
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი