უხეში ვარ და მარტო ..
უხეში ვარ და მარტო, როგორც რქა მარტორქის თავზე, გაუვალი, როგორც ჭაობი. ამ ჭაობივით ბევრი ნაპირი მაქვს და არც ერთთან მელოდება ვინმე. სამაგიეროდ მე ველი, როდის შემიწოვს მიწა ან მზე ამომაშრობს, რომ ორმოდ გადავიქცე და მერე ვინმე გზააბნეული ჩავარდეს შიგ, მე კი ვიგრძნობდი და გამიხარდებოდა. ამბობენ, ადამიანებს ადრე კუდი ჰქონდათ და რადგან აღარ სჭირდებოდათ, გაქრაო. არ მესმის, ვის რას დაუშლიდა დიდი, ფუმფულა კუდი. მე მასში ცხვირს ჩავრგავდი და დავიძინებდი, როგორც ეს მელიებმა იციან. ან შეყვარებულს გადავუსვამდი თავზე. ძალიან მოუხდებოდა ჩემს ჯინსებს, ჩემს ბოტასებს, ჩემს პროფესიას... კუდი რომ გვქონდეს, რქები აღარ ვიქნებოდით...მარტორქის თავზე, არც ჭაობები, არც შიგ ჩავარდნილები, დიდი, ღუნღულა, ლამაზი კუდი... ყველას შერჩა, ჩვენ კი არა, ნეტავ, რატომ?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი