ეკოციდი
უმიზეზოა ეს სიყვარული. ან რა მნიშვნელობა აქვს, ვის დაუდევრობას მოჰყვა ხანძარი ქალწულებრივ ტყეებში - შენ წაუკიდე თუ თვითონ აალდა. რა აზრი აქვს, ვიძახო, რომ წყალი ვასხი, მიწა ვაბრუნე. მერე კი მაინც შევეშვი და ვუყურე მთიდან, როგორ გააშრო ცეცხლმა ცაში ღრუბლის ნარჩენი, როგორ ჩაქრა თავისით, როცა აღარაფერი აღარ იყო: ფოთოლი, ტოტი... ცხოველების, ჩიტების ძვლებიც ფხვნილად იქცა და ნამტვრევები კვამლს გაებლანდა. ალბათ, შენც ზიხარ სადმე მთაზე, ხანდახან ხედავ, ავარდება აქა-იქ ცეცხლი, მერე მოვდივარ ნაცარში და წყალს ვასხამ კოცონს. ტყე უკვე აღარ, მიწა ხრჩოლავს. ეს ნიადაგი ბერწია, უკვე ვეღარაფერს ვერ ამოიტანს. ტყე უკვე აღარ, მხოლოდ მიწა იწვის ჩემ ფეხქვეშ.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი