ახალ სამყაროში
სიმბოლიზმის ჯადოსნური ცეცხლის ალი მოედო ძველ შაბლონურ პოეზიას. დაიწყო ჩქარი რენესანსი ხელოვნებისა, რომლის სწრაფი გაქანებით იბნევა ბრილიანტებით შემოსილი ლანდები და წითელ რაშების თეთრი ზმანება. ამიერიდან ჩვენ არ შეგვაწუხებს ძველი დახავსებული პოეზიის მკრთალი ფერები. დღეს ალურ ფრთებით ვეშვებით ახალ სამყაროში, სადაც უხილავი სახეების ჩუმი თამაშია გამეფებული. ჩვენ არ შეგვაშინებს სივრცის უსაზღვროება, არც პატარა კაცუნების პრიმიტიული იერიშები, ჩვენ უკვე თეთრი სამოსით დავიწყეთ ჯირითი იქ, სადაც იზრდება სიმბოლიზმის მწვანე ყვავილები, ჩვენ დავტოვეთ სინამდვილე, დავგმეთ შავი წარსული და ახალ ფერებთან დავიწყეთ ვრცელი საუბარი. დღეს ჩვენ წინ იშლება ახალი ქვეყნის მუქი სურათები, რომლის მშვენიერი სანახაობა მეტად გვაბრმავებს. ფერად კრიალოსნებით და მზის ნათელ ელვარებით იმოსება ჩვენი სავალი გზა. ოცნება ჩვენი ამაყია და ციურ ბგერებში იფერფლება ყვითელი ალმურით. არ გვაწუხებს სიკვდილის შიში. ჩვენი უახლოესი მიზანია შევქმნათ მარადისობა და უტეხი სხეულით მივეგებოთ ყოველგვარ საშინელებას. სული ჩვენი ჩქარია და შეუკავებელი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი