სონეტი დედინაცვალს


მამის საფლავთან აგატირებს ტკბილი წარსული,
სპეტაკ ცრემლებში დაეხვევი, როგორც ბაწარი.
გიყვარს ლოცვებში წალენჯიხის ძველი ტაძარი,
წვიმიან დღეში სასაფლაოს წყრომით გარს უვლი.

კეთროვანებას რელიგია შენში ასრულებს,
მარად საყდარში იარები გრძელი მაზარით.
ცივ სახარებას წაგიკითხავს მღვდელი ლაზარე
და ისევ ნდობით უერთდები ცოდვილ ავსულებს.

მწუხრის წირვებში აინთები, როგორც კანდელი.
გტანჯავს სიავე, ფერწასული მთვარის ანთება
და შენს კალთებში ჩუმად იწვის კორიანტელი.

გარს გახვევია მწუხარება გლოვის ბანტებად.
ოქროს ხატებში მონაზონი ძველ მონებს სტირი
და კვლავ გელათის გესიზმრება შენ მონასტერი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი