ცისფერი სიშორე
მიდის ფერწასული დღე, ღამე მომიახლოვდა, ღამე მომიახლოვდა – შავი და საშინელი. სინანული გაივლის მოგონების მაღლობთან და მოვა მწუხარება – ჩემი ლურჯი ფრინველი. ეს გუგუნი მუსიკის, როცა მე მიხარია, თან ტირილი მინდება და მკლავებზე ტრაური. ჩემი მოპირდაპირე უხილავი ქარია და თვალებში გაისმის ღამეების ხმაური. მე ყოველთვის ასე ვარ და არავინ არ იცის, ბოროტება მიცქერის, როგორც შავი ყორანი. მე ისევ მენატრება სურნელება მაისის და ზაფხულის დღეები, ტკბილი მოსაგონარი. ქვევით საფლავებია და ზევიდან ფიქრები, (ალბათ გენიოსი ვარ და ცისფერი სიშორე). დაო, ასე მგონია, ბედნიერი ვიქნები, სადმე ახლოს თბილისთან თუ სამარე ვიშოვე. სულის მკრთალი ლანდები შენს გარშემო ივლიან, წვიმიანი წამოვა რიცხვი აუტანელი. ბედის კარი, ძვირფასო, ისევ დაკეტილია, საოცრება მოგელის შენ, ტერენტი გრანელი. ეს დარდები მოჰქრიან, როგორც თეთრი პეპლები, ო, მარადი წუხილის მეტი რა დაგვრჩენია. მხოლოდ მე ვარ დამწვარი, მხოლოდ მე ვიფერფლები და დროა, საქართველომ იგრძნოს ჩემი გენია. მე მგონია გათავდა ჩემი გლოვა ამდენი, თუმცა ახლაც გარშემო ღალატი და შურია. ბრუნავს ჩემი ცხოვრება, როგორც კორიანტელი, დავიღალე და ისევ მოსვენება მწყურია. მიდის ფერწასული დღე, ღამე მომიახლოვდა, ღამე მომიახლოვდა – შავი და საშინელი. სინანული გაივლის მოგონების მაღლობთან და მოვა მწუხარება – ჩემი ლურჯი ფრინველი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი