რა ვქნა , ვარსებობ, ვებრძვი წამებას


რა ვქნა, ვარსებობ, ვებრძვი წამებას,
სდუმს ვარსკვლავების ზეცა მდიდარი.
და მთვარიანი თეთრი ღამეა
და მწუხარე ხმა ისმის გიტარის.

ის იმედები გაქრნენ სრულიად
(ცა მაღალია და ცა მძინარე).
გარეთ ბავშვების ჟრიამულია
და მიდის ღამე, როგორც მდინარე.

ის მოგონება გაქრა სრულიად,
გულს დარდი დაღლის და ფოთოლს ქარი.
გარეთ ბავშვების ჟრიამულია
და ახლა შეწყდა სიმღერა ქალის.

ყველა წავიდა, ჩემთან ვინ დარჩა?
ჩემზე ყოველთვის დები ტირიან.
ჩუმი ღამეა, ღრუბელი არ ჩანს,
ელავს და ზეცა მოწმენდილია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი