მთვარე ფოთლებიდან


მიხარია ეს ობლობა დღესაც
და საღამოს დავიღლები მწარედ.
მარტო ვზივარ და ვუცქერი ზეცას,
ოდნავ მოსჩანს ფოთლებიდან მთვარე.

იქით ბნელა და სიკვდილზე ვდარდობ,
ხომ ვიგრძენი სიხარული მაშინ.
ყრუ ღამეა, მე დავდივარ მარტო
და გუგუნებს ეს მუსიკა ბაღში.

რა ვქნა, მომდევს ამნაირი სევდა,
სევდა უფრო მარადიულ სახის.
და მგონია, მე არა ვარ სხვებთან,
და ირევა ჩემს გარშემო ხალხი.

მიხარია ეს ობლობა დღესაც
და საღამოს დავიღლები მწარედ.
მარტო ვზივარ და ვუცქერი ზეცას,
ოდნავ მოსჩანს ფოთლებიდან მთვარე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი