ქალის აგონია (თ. რ-ს)


დაღონებული და მარად სუსტი,
სარკესთან ფიქრობ, როგორც დიანა.
დღესაც შორეულ მეგობარს უცდი,
მაგრამ მან მოსვლა დაიგვიანა.

მახსოვს, ცრემლები შენ თვალს უვლიდა,
ალბათ ფიქრებმა ასე დაგღალა,
და უცხო ბინის ყრუ სართულიდან
შენ ფრინველივით დაჰყურებ ქალაქს.

მიხვალ როიალთან და როგორც გიჟი
იწყებ კლავიშზე ხელების თამაშს.
შენ ძლიერ გინდა და რაღაც გიშლის,
რომ გყავდეს ბავშვი, რომ იყო დამა.

სარკესთან ზიხარ და ფიქრობ სხვაზე,
ხან, როგორც მტრედი, თვალებს დანაბავ.
მიყვები ბედის უცნაურ ხაზებს,
და ნატრობ ვიღაც არათანაბარს.

შენი ლოდინი სანამდი დასტანს,
ანდა სანამდი იქნები წმინდა.
რის მიზეზია, ჯერ ახალგაზრდას,
რომ შენ ცხოვრება ასე მოგწყინდა.

ოთახში ზიხარ შენ, ავადმყოფი,
ხან როგორც ბავშვი ძილს მიეცემი.
შენ ეს ჰაერი თითქოს არ გყოფნის,
და გინდა გლოვა და გინდა ცრემლი.

დაღონებული და მარად სუსტი,
სარკესთან ფიქრობ, როგორც დიანა.
ახლაც შორეულ მეგობარს უცდი,
რომელმაც ასე დაიგვიანა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი