გადარჩება? ..


გადარჩება? -ექიმებს ეკითხება ჩემი და,
გადარჩება? გმინავენ ლაზარეთის კედლები...
დაო, შენი ცრემლები ჩემთვის ავგაროზია,
დაო, მჯერა სიცხიანს, სადღაც დავეხეტები.
გადარჩება? -ექიმებს ეკითხება ზოზია,
მე კი მიახლოვდება სამუდამო ქაოსი
ვიხედები გარშემო და ამ სარეცელიდან
ყველაფერი შორსაა, გარდა სასაფლაოსი.
უიმედო წუთები თურმე უფრო სწრაფია,
(სადღაც ზარის რეკვაა, ილესება ისარი)
ჩემი სუსტი სხეული გაწყვეტილი ძაფია
ჩემი შემოქმედება-დედამიწის სიზმარი.
ჩემს გარშემო შურია, შემს გარშემო ნისლია
მოჩვენება შემოდის ღია თვალთა გუგებში
ყველაფერი ცივია, რაც კი მარადისია
აი, სწორედ ამიტომ ვერ ვიწამე ნუგეში.
გადარჩება? -ექიმებს ეკითხება ჩემი და,
გადარჩება? გმინავენ ლაზარეთის კედლები...
დაო, შენი ცრემლები ჩემთვის ავგაროზია,
დაო, მჯერა სიცხიანს, სადღაც დავეხეტები.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი