თბილისი მაღლიდან


ეს დილა ელავს, როგორც ლამპარი,
ქარმა ფიქრები ისევ დაშალა.
დახავსებული დგას ავლაბარი
და ძირს ბაღებით წევს ორთაჭალა.
ძვირფასო, ბედი მუდამ ასეა,
საით მიგყავარ, ბედო, მურდალო.
ახლა შორიდან ხომ ძვირფასია
ჩვენი დიდუბე და საბურთალო.
ვიცი გავუძლებ ამნაირ დროსაც,
თუმცა გარშემო გრიგალი მივლის.
ისევ ფრიალებს სასახლის დროშა
და ვერის ხიდთან აბოლებს მილი.
ჩემი ფიქრები სადღაც გარბიან,
შორს მიჰქრის სული მოუსვენარი.
ახლა შორიდან უფრო კარგია
მუხრანის ხიდი და არსენალი.
ეს სურვილები ისევ კვდებიან,
ჩნდება ახალი ფიქრის ლანდები.
მტკვარის გადაღმა ისევ მთებია
და მთების აქეთ ნაძალადევი.
ეს დილა ელავს, როგორც ლამპარი,
ქარმა ფიქრები ისევ დაშალა.
დახავსებული დგას ავლაბარი
და ძირს ბაღებით წევს ორთაჭალა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი