პოეტი პატიმარი


შავი ფიქრები გროვდება ისევ,
დგება წამების თეთრი საათი.
მიწა არ მინდა და როგორც ქრისტე,
მეც ვემზადები გაფრენისათვის.

ეს გული მხოლოდ შენ გესალმება,
შენ, ანგელოზო მძიმე წარსულის.
რა იქნებოდა, რომ ჩემს წამებას
ქონოდა სახე ან დასასრული.

სხვა მეგობარი მე არ მყოლია,
მხოლოდ ქარია ჩემი მხლებელი,
უფრო ხშირია მელანქოლია
და გაფიქრება შეუძლებელის.

იყო სიჩუმე, სამი წერტილი,
მას შემდეგ ბევრი ხანი გავიდა.
ახლა შორს ელავს ცა მოწმენდილი
და მიხმობს ქრისტე მე ვარსკვლავიდან.

ალბათ ივნისი დადგება მალე,
დღეს ხომ მაისის ოცდა შვიდია.
და მენატრება ისეთი მხარე,
სადაც დუმილი და სიმშვიდეა.

ისმის ხმაური, არის ცხელება
და ჟონავს წვიმა, ოდნავ ხმოვანი.
ციხე დგას, როგორც საშინელება,
დამძიმებული და კეთროვანი.

გულის ტკივილი უფრო ღრმავდება,
როდესაც ვუმზერ ჯიბგირს და ბანდიტს.
ალბათ ეს ღამე არ გათავდება,
ძნელია მისვლა გათენებმდის.

და იმედები ისევ ტირიან
და მწუხარეა ჩემი მეობა,
კარები ირგვლივ დაკეტილია
და ვურიგდები მდგომარეობას.

აღარც თენდება, უფრო ვღონდები,
ღამეა ჩუმი და ნაწვიმარი.
ალბათ ვიღაცას იქ ვაგონდები,
როგორც პოეტი და პატიმარი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

2 კომენტარი
ცოტნე არჩვაძეპოეტი, ფილოსოფოსი3 წლის წინ

მემენტო მორისთან და სიჩუმის ყვავილებთან ერთად საუკეთესო ლექსია ტერენტი გრანელის შემოქმედებაში.

მიშიკო ხალიჩაშვილიპოეტი9 თვის წინ

გენიალური

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი