ფიროსმანიშვილს
შენ დაგედევნა სამიკიტნო რკინის რაზებით, ყალბი არღნებით გაწუხებდა ღამე წვიმაში, არ კადრულობდი შებრალებას ბედის წინაშე, დაგდევდა ლანდი მთვარისაგან განაბრაზები. ჩუმად გეწვია საოცრების რუხი ხაზები, ფარულ კოშმარებს ატირებდი სევდის მინაში, შენ არ იცოდი დამშვიდებით ყოფნა ბინაში და ღამის ლოთებს დაეძებდი ღვინის თასებით. ლოცვით ამსხვრევდი ზიარებას სასაფლაოზე, სისხლიან მკერდით აიტანე ბროლის არმაზი, ანთებულ მხატვარს საიქიო ალბათ გაოცებს... შენი ოცნება ისვენებდა წითელ ნარმაზე. ცოდვილ ქალაქში დადიოდი ჩოხისამარა. საშინელებამ უცნაურად დაგასამარა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი