შემოდგომის პასტორალი


ის ჩემი სული სადღაც გაფრინდა,

მწამს ყოველივე რომ სიზმარია.

უცხოა ეზო, უცხოა ბინა,

ვარ ჩუმად მარტო და მიხარია.



მე ასე მინდა და ვამბობ დღესაც,

რომ ეს ლოდინი მეტად ძნელია.

და სიჩუმეში იქ, სადღაც ტყესთან,

მიდის მდინარე და სიბნელეა.



როგორც ყორანი, გაჩნდება ხვალეც

ღამე ასეთი და უფრო გრძელი.

წმინდაო ღმერთო! მე დავიღალე,

რა არ ვიფიქრე, რა არ ვიგრძენი.



ეს გული ჭკნება წითელ ვარდივით,

(ახლა კარები იქაც დაკეტეს).

და მე, უფსკრულში გადავარდნილი,

ვუმზერ სისხლიან სამარის კედელს.



ბაღში ეცემა ფოთლების გუნდი,

ახლა ქარები დასდევენ იმას.

საშიშ ფიქრიდან უკვე დავბრუნდი

და როიალივით მიწყნარდა წვიმა.



ვამჩნევ, თეთრია ფიქრთა კრებული

და ვუსმენ სკრიპკის ტანჯულ გოდებას.

იქ ვიღაც მიდის დაფიქრებული

და ვერის ხიდს უხლოვდება.



განვლილ დღეების კრთიან ჩრდილები

(და ვიცი, იგი რომ ბოროტია).

გამოჩნდა ქრისტე და ყვავილებით

ანგელოზები ჩემსკენ მოდიან.



ეს ნარცისები ისევ მე მინდა,

დაო, ძლიერო და უწმინდესო!

და სასიკვდილო თეთრი ცრემლიდან

მე ვიხედები, როგორც იესო.



გარეთ ღამეა და გულში სიცხე,

ჩემი ფიქრები შენთან არიან.

თითქო სხვანაირ ცხოვრებას ვიწყებ,

ვარ ჩუმად მარტო და მიხარია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი