წარმოგიდგენიათ მსოფლიო ომის გარეშე?
წარმოგიდგენიათ მსოფლიო ომის გარეშე? თუმცა რას გეკითხებით, ასეთ ძველმოდურ საკითხებზე ვინღა ფიქრობს, ამ პრაგმატიზმის ეპოქაში?! მეც - რაღაც ახალბედა ფილმს ვუყურე სომალისა და იქაური მეკობრეების შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ დავფიქრდი - შემიძლია წარმოვიდგინო მსოფლიო ომის გარეშე? მოიცა, მე ხომ ომის წარმოდგენაც, მხოლოდ ფილმებიდან და სხვა და სხვა სატელევიზიო გადაცამებიდან გამოკრეფილი კადრების დახმარებით შემიძლია... მსოფლიო? მსოფლიო რაღაა? არა, ეს ძალიან ღრმა ჭაობია, სჯობს ნაცნობ ლაფს მივაშურო და ვკითხო საკუთარ არაკომპედენტურობას - წარმოგიდგენია ქალაქი, რომელშიც ცხოვრობ ომის გარეშე? რომელი ომის, ჩვენთან ხომ ომი დიდი ხნის წინ დამთავრდა? - იკითხავს უფრო ცნობისმოყვარე, ვიდრე გონიერი და ვუპასუხებ - რამდენიმე კვირის წინ ერთი მეგობარი შემომაკვდა, არა, კი არ შემომაკვდა, ანუ იძულებით კი არ - არამედ საკუთარი ნებით, გადაწყვიტა დაეჯერებინა ჩემი არააქციზური რჩევისთვის და მოკვდა. რას ქვია მოკვდა? როგორ მოკვდა? რომელი რჩევა კლავს კაცს? ვინ აძლევს ასეთ რჩევას მეგობარს? ვინ ჩემო კეთილო და - შენ. აბა, მე-ო? კი ბატონო, მაგრამ ვინაა ეს "მე" სხვა თუ არა - "შენ"?! ან ვინააა "შენ" ? მე ვარ შენ და შენ ხარ მე და მეს ჭამს შენ და შენ გჭამს მე და ... ხომ ხედავ, რა სისულელეებს ვჩმახავთ?! რა გაცინებს?! შენ გეკითხები, შენ, რა გაცინებს-მეთქი?! ერთი წუთის წინ არ გითხარი, რომ კაცი შემომაკვდა??? არა, კი არ შემომაკვდა, ანუ იძულებით კი არ - არამედ საკუთარი ნებით... მოკლედ, რაც იყო, ხომ იყო და შენ სასაცილოდ გაგიხდია ჩემი სატირალი. აბა, ეს საქმეა?! საერთოდაც, ეს არაჟანრული (არანჟირებული ან არაჟნული კი არა - არაჟანრული-მეთქი, რაც ნიშნავს ჟანრის არ მქონეს) ჩანაწერია და თუ მინდა ახლავე შევწყვეტ მის წერას! მე ისედაც საკმარისზე მეტს ვფიქრობ იმისთვის, რომ ვიცოდე, რამდენად ცოტას ფიქრობ შენ, რომელიც მჭამ მე და ამიტომ გეკითხები - წარმოგიდგენია შენი თავი ომის გარეშე?! რაღა ეშველება იმჩემმკვდარ მეგობარს და მეგობარმკვდარჩემთავს - არც არაფერი, მაგრამ შენ მაინც ნუღარ მჭამ მე! მეომრები ვერ შეაჩერებენ ომს. მოძალადეები ვერ შეაჩერებენ ძალადობას. ნათლის ანგელოზები ვერ დააბნელებენ სინათლეს. პოეტები ვერ განაქარვებენ მარადიულ სევდას. მაგრამ მე და შენ - შევძლებთ ომის გარეშე წარმოვიდგინოთ საკუთარი მე-ები და შენ-ები და საერთოდაც, სულ მალე საშობაო სამზადისს შეუდგება მთელი ქვეყანა, ჩვენ კი ვსხედვართ აქ და ვფიქრობთ, როგორ შევძლოთ და გავთიშოთ ომი "მე"-სგან და "შენ"-სგან და ვქმნათ - "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორი სათნოება!" ხომ არ ჯობს, ამ მე-შენ-ობის და შენ-მე-ობის რკვევა-ბრალებას, ავდგეთ და ზედმეტი ფიქრის გარეშე, წარმოვიდგინოთ საკუთარი თავები ომის გარეშე, შემდეგ საკუთარი ოჯახები, შემდეგ საკუთარი გვარები, შემდეგ საკუთარი სოფლები, შემდეგ საკუთარი კუთხეები, შემდეგ საკუთარი ქალაქები, შემდეგ საკუთარი ქვეყნები და შემდეგ მსოფლიო და შემდეგ სამყარო და... აქ უკვე აინშტაინიც გაიჭედა ;)))) (აქ - ღმერთია.)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი