ჭაბუკური
ვითენთები ახურებულ მზეზე, ენაგამშრალ რიყის ქვებზე ვთბები. მინდა, უცებ წამოვვარდე ზეზე, მზეს ვეცე და გავუწეწო თმები... მინდა, სუნთქვა ზღვის ნიავქარს შევრთო. ა იმ ღრუბელს ჩამოვხიო კალთა, იმ აშოლტილ ალვის ხესთან ერთად გავიარო, როგორც ლამაზ ქალთან... სიტყვა მინდა ქარიშხალთა მსგავსი, მკერდგაღეღილ ცას გავარდეს მეხი, ცაზე მთვარის აყირავდეს თასი, ზღვაზე ტალღამ მოიტეხოს ფეხი... მსურს, სიცოცხლეს გული მივცე მინდად, ყველა ცაზე ჩამოვხიო ბინდი, ყველაფერი მზით აღსავსე მინდა, ყველაფერი ამ ზღვასავით დიდი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი