რ უ ბ ი ა
15 წლის სამარყანდელ გოგონას რუბიას, მკერდმოვერცხლილსა და ორმოცნაწნავიანს, რომელმაც მთხოვა: თბილისში წამიყვანე, იქ, შენს ჩაიხანაში, ფიალებს დაგირეცხავო. ჯერ პატარა გოგონაა რუბია, წარბი წარბზე სურმით გადაუბია, თავზე ჭრელი არახჩინი უხდება, ბაგეები მარჯნად გადაუპია. სავსე მკერდზე _ ფულები და ვერცხლები, და იმ მკერდქვეშ _ მოფართხალე მერცხლები, ამ წარბებმა გასაფრენად მომზიდა, მის წამწამთა ქარს ავყევ და ვერ ვცხრები. ალვა ტანი, _ უშოლტესი ალვაზე და თვალები _ მოსისხამე ალმასი, რუბი, მითხარ, მაგ ბაგეთა თასიდან უკვდავების წყარო რატომ არ მასვი?! რუბი, მითხარ რამე, აგრემც იხარე, გაგიშალო ზეცის ფარჩა-ფართალი, სიყვარულზე ოღონდ რამე მითხარი, ტყუილი თქვი, ნუ იქნება მართალი! თვალთა ისართ სურთ ამ გულის აკლება? დე, აიკლონ, რით ვარ სხვებზე ნაკლები?! ეგ თვალები თუ უმთვარო ღამეა _ მაგ ღამეში ელვად დავიკლაკნები. ისეც ვივლი, ფილაქანი არ მინდა! შაში მინდა, იაგანი არ მინდა! მაგ თვალების ბნელ, უმთვარო ღამეში ისე შევალ, ჩირაღდანი არ მინდა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი