მე არ ვიცი..
მე არ ვიცი, რა მიტევს, რა არის თუ ვინ? ჩემში მარად მბორგავი, რომ არ მტოვებს შინ, ძარღვში სისხლს მიშადრევნებს, მექაჩება წინ, როგორც გალაკტიონის: «ტა-რა-რა-რა-ძინ!» დღე და ღამე ჩამძახის მისი მყიფე ხმა: _ ნურასოდეს გახდები ამა სოფლის ყმა, მიატოვე ნადიმი, ღრეობა და სმა, ამას გირჩევ, უბრალოდ, როგორც ღვიძლი ძმა. ამქვეყნად საქარავნოდ მუდამ იყავ მზად, არაფერმა არასდროს შეგაფერხოს გზად, თუნდაც ქვეყნის სიმდიდრე რომ გიქციონ ზღვად, იმად დარჩი, ვინცა ხარ, არ გარდიქცე სხვად. მე ვპასუხობ: _ მოგყვები, თუმც არ ვიცი, სად? ამ გზის ბოლოს რა მელის, ან ვიქცევი რად? ერთი ვიცი და მისთვის მუდამ ვიყავ მზად: ხორცი მიწად მექცევა, სული წავა ცად. ხორცი არ მედარდება, სულს რა ელის, რა? სული ილტვის ცისაკენ, ხორცს ვერ ვუქენ ძვრა. აღარ ძალმიძს, მომბეზრდა ეს ძარღვების ხვრა, ნაცრის ფუჭად ქექვა და მერე თავზე ყრა. როდის შთამნთქას ცხოვრების უსიერმა ტყემ, ბედითობის ღამემ თუ ავბედითმა დღემ, როდის სად მიმატოვონ მთვარემა თუ მზემ, უწყის ოდენ უფალმა და იმისმა ძემ. ასე რომ, გენაცვალე, გთხოვ, დამტოვო შინ, შენ ნუღარ გენაღვლება, რა მაწუხებს, ვინ? მაინც კი მეამება, რომ მიმიხმობ წინ, როგორც გალაკტიონის: «ტა-რა-რა-რა-ძინ!»
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი