ერთადერთი საყვედურივით


ჩემს დას _ ლეილას

მხოლოდ დობას რომ არ დასჯერდი და თავად ბავშვმა
რომ დაიკისრე ძიძაობა, დედობ-მამობა,
ნათესაობა, მეგობრობა და სულიერი
სამყაროობა, შადრევნობა მზრუნველობისა,
რომ მოინდომე ყველაფრობა და შესძელ კიდეც
თავად საპყარი ქცეულიყავ მძლეთა მძლეველად
უკიდეგანო მადლითა და ღვთისნიერებით;
მხოლოდ სიკეთეს რომ მაფრქვევდი, გადაფაფრული
ქვეყნად ყოველგვარ ბოროტებას რომ მარიდებდი
ნაზი ხელებით, ნუთუ ერთხელ, თუნდ ერთადერთხელ
არ გიფიქრია, მაშინ რაღა მეშველებოდა,
როცა უ შ ე ნ ო დ დამტოვებდი ამ საღვარძლეთში
აწ უკვე მართალა დაობლებულს და მიუსაფარს?!

შენ ადრე ჩემზე ცამეტი წლით უფროსი იყავ,
ახლა კი მე ვარ შენზე დიდი უკვე ათი წლით.
და აი, უკვე ოცდასამი წელი შესრულდა,
რაც შენ წახვედი ს უ ლ ა კ რ ე ფ ი თ, რადგან ჩათვალე,
რომ ვითომ ტვირთად მაწვებოდი და არც იფიქრე,
რომ მე ამ შენი უშენობით მხრებზე ამკიდე
სიზიფეს ლოდი და მას შემდეგ სულს ვეღარ ვითქვამ,
რადგანაც მთასაც ვერ ვპოულობ ჩემს სიახლოვეს,
რომ ამეტანა ეს ლოდი და დამგორებოდა...
(სიზიფეს ბედიც ზოგჯერ თურმე სანატრელია!)

მინდოდა შენთვის დაბადების დღე მომელოცა,
საცაა ხუთი ოქტომბერი დამათენდება.
ხატთან სანთელი ავანთე და სულის სუფრასთან
შემოგამწკრივეთ სულ ყველანი, ჩვენიანები.
მე ვლაპარაკობ, თქვენ კი ჩუმი ღიმილით მისმენთ...
ტ ა ტ ო ც მანდა გყავთ. მაიმუნმა არ დამაცადა
და ჩემზე ადრე გამოქანდა თქვენს სანახავად.
აბა, თქვენ იცით, მიმიხედეთ ჩემს მანდ მოსვლამდე...
ნ ა ხ ვ ა მ დ ი ს , ლ ე ი ლ !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი