უცნაური რეცეპტი


მე ავად ვიყავი და მკურნალს ვეძებდი,
უეცრად მოფრინდა ცისფერი ფერია,
რაღაც უცნაური გადმომცა რეცეპტი,
რომელიც ანთებულ ყაყაჩოს ფერია.

თან მითხრა ჩურჩულით: _ ისეთი რამ არის,
რომ უნდა მიიღო უმცირეს დოზით,
არისო ძალიან ლამაზი წამალი,
არ დაილევაო ის სუფრის კოვზით.

იმედის ნაფლეთი გულს უცებ ეძგერა,
ვიფიქრე, იქნება როგორმე მოვრჩე.
თვალი გადავავლე, რეცეპტზე ეწერა:
«მანანას ღიმილი, კვირაში ორჯერ!»

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი