ვაჟას ჩარგალში


ცხრა ჭაუხს გადმოვაბიჯე,
გულში ბორგავდა ლექსი,
ცხრა ჭაუხს გადმოვაბიჯე,
არაგვის წყალი შევსვი.

ამოვიარე ფერდობი,
მთაზე შემომხვდა მწყემსი:
ძმაო, აქ ალბათ ერთობი
სალამურით და ლექსით.

თუ შენი სამწყსო ცხვარია,
თვალი თუ კორდებს ეძებს,
მეც ვმწყემსავ, გაგიხარია,
ოცნებებსა და ლექსებს.

მგზავრი ვარ არა გვიანი,
ამ მიწაში მაქვს ფესვი,
ეს წყალი არაგვიანი
მეც ხომ შენსავით შევსვი.

ქარები რტოებს ლეწავენ,
ელვამ ჩამოჰკრა კვესი.
ძმა თუ ხარ, შენი კვნესამე,
მაჯახე ვაჟას ლექსი.

ფხაზე მოეგო ფხოველი,
მაჯახა ვაჟას ლექსი,
მე იმის სიტყვა ყოველი
წყაროს წყალივით შევსვი.

ცხრა ჭაუხს გადმოვაბიჯე,
გულში ბორგავდა ლექსი,
ცხრა ჭაუხს გადმოვაბიჯე,
ფიქრი მთვარეზე შევსვი.

ჯიხვი რუხ კლდეებს დაუვლის,
მთვარე თეთრ მანდილს მიქნევს,
ალუდა ქეთელაურის
გული მეცა მაქვს იქნებ.

და უცებ ღიმი გაუვლის
გულზე მოწოლილ ფიქრებს:
ძაღლიკა ხიმიკაურის
მკლავი მეცა მაქვს იქნებ.

ეს რა შავლეგა ბინდია?!
ღამე ჩამოშლის დალალს.
იქნებ მეცა ვარ მინდია,
ფშავლის შავთვალა ქალავ!

სურვილთა ანაბარა ვარ,
მაგრამ გულს შიგან ვმალავ.
ნუ მიფრთხი, უცხო არა ვარ,
მო, გამიღიმე ქალავ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი