ოდესმე ...


ოდესმე მაინც,
ოდესმე მაინც,
მივაღწევ იმას,
მიხმობდა რაიც,
რისიც ვიწამე,
რასაც ვეწამე,
რაც ორთა შორის იყო მესამე
თქვენთვის,
ჩემთვის კი _ უპირველესი
ჩემს და ჩემს შორის,
წიაღ და მიღმა,
რამაც დამამხო და ამით მიხმო,
რამეთუ ბრძანა:
ოდენ მესმინა,
და მახნევინა,
და მათესვინა
მზეში თუ ქარში,
ავდარში, დარში,
და უპოვარი კვლავ იგივ დავრჩი,
რამეთუ ბრძანა, ოდენ მესმინა,
მაგრამ სხვის მკლავზე გადაეწვინა
ის ხელეური _ ჩემი ნაყოფი,
ჩემი ოცნების მზეში ნამყოფი,
ჩემი ნაღვაწი,
ჩემი ნახნავი,
სულის სარჩო და ეჭვის სახრავი.
ოდესმე მაინც,
ოდესმე მაინც,
მივაღწევ იმას, კვლავ მიხმობს რაიც...
რისიც ვიწამე,
რასაც ვეწამე...
ეჭვები ბჭეებს შემილეწავენ
და განიხვნება ჩემი ბეთლემი,
არვის ვეზაკვი,
არვის ვეთნევი...
მაშინ გაგიხსნით მე ჩემს დარბაზებს
და თქვენი მანჭვა არ გამაბრაზებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი