ნიავის სონეტი


თქვენ მყარად დგახართ ამ მიწაზე. მე ვარ ნიავი.
თქვენ ნუ გგონიათ, გიყურებდეთ თითქოსდა უნდოდ.
გარწმუნებთ, არ მაქვს მე თქვენს მიმართ რამე სიავე,
ოღონდ ეს ჩემი ნიავობა არ შემიზღუდოთ.

მე ხომ არ მიშლის ნერვებს თქვენი მთობა, ზღვაობა,
ცათამბჯენობა, მიწიერი წონა, სიმძიმე?!
თქვენ რად გაღელვებთ, ჩვენს შორის რომ არის სხვაობა?
თქვენ მჭახედ ბრჭყვინავთ, ხოლო მე კი ოდნავ ვციმციმებ.

თქვენია, ქვეყნად ყველაფერი, რაც იყიდება,
და თვლა არა აქვთ ფუთებს, ყუთებს, ჩანთებს თუ ბოთლებს...
თქვენ მიიხვეტავთ მთელი ქვეყნის ავლა-დიდებას,
მე კი მარტოდენ შემოდგომის ნაირფერ ფოთლებს.

ითმინეთ ჩემი ნიავობა, სანამ გიგალობთ.
ნუ იზამთ ისე, რომ უეცრად ამაგრიგალოთ!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი