INTERIEUR - მეორე
როგორც ავადმყოფ მაიმუნთა დაღლილი ჯვარი, კრთიან ლანდები - ნირვანიდან გამოძახილი. მევედრებიან: ან მოგვეცი თავშესაფარი, ან სამუდამოდ დაივიწყე ჩვენი სახელი. შენი ოცნება ულმობელი რად გვამათრახებს, და ასე ხშირად რად გვაცეკვებს შენი ქამანჩა? ვერ მივაშურეთ საიდუმლო ბინდიან ბაღებს, ინფანტასავით სადაც დარდობს ობოლი ყანჩა. როცა შენ გძინავს - დაგიკოცნით ამაყ წამწამებს. ვინდა შენს სულში გავამეფოთ სიჩუმის თალხი, და როცა ღამე დაგვეფრქვევა ჩვენ - განაწამებს, ისევ აგვანთებს მარტოობის სპეტაკი ალხი. რისთვის გვაგიჟებ შენი ცქერით, ვით ორეულებს, მაღალ სინაზე რად გვახტუნებ, რად გვაჯამბაზებ? ნუგეშს არ გეტყვი არასოდეს ცრემლმორეულებს, ცბიერად ჰხაზავ ჩვენს გარშემო მისტიურ ხაზებს. ჩვენ გვებრალები, შენ კი ერთხელ არ შეგვიბრალე, სხივებით მაინც აფერადე ჩვენი ტყვეობა ჩვენ უანგარო ხეტიალში დაგვახრჩობს მალე ღამის ტორტმანი, თეთრი ჭლექი და უდღეობა. და შენი ხელი ლურსმნიანი ჩვენ დაგვაბრმავებს; ისე, ვით მონებს, შენ მიგვყიდი ამხანაგ მგოსანს. შენ არ შეხედავ ჩვენს დაკაწრულს, ჩვენს გაშლილ მკლავებს, და გვათამაშებ ოცნებაში, ვით კრიალოსანს.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი