ზღვა


ზღვას ენატრება იყოს პატარა,
ვით უნაზესი ჩიტი კოლიბრი,
თავისი თავი ვარსკვლავს ადარა,
ცაზე რომ ბრწყინავს დაუბრკოლებრივ.
ზღვას მოეწყინა თავის სიმძიმე,
ბუმბერაზობა, გრიგალი, მეხი,
ნახა სიზმარში ტბა მოციმციმე
და ჩინელ ქალის მტკივანი ფეხი.
ზღვას აღარ უნდა თავის სისრულე,
თითქო წურბელი გულზე მოება;
უღონო ტრფობით ის დაისრულა-
სურს ბეჭდის თვალში განმარტოება;
რომ ქინძისთავის იგრძნოს სინაზე
და გაჰყვეს სმენით მცირე ნაკადულს,
რომ საქანელას მსუბუქ სინაზე
ჩამოეკიდოს, როგორც კაკადუ.
უცხო ამალით მოვიდა ქალი,
თავის სახელი წყალზე დაწერა,
ნაბადიანი, როგორც გრიგალი
იღიმებოდა ის ალმაცერად.
ტალღა ავარდა მჩქეფარე სვეტად,
ტალღა აფთარი და ეიფელი;
თავისი თავი ზღვამ გაიმეტა,
გაჰყვა ამორძალს, როგორც შლეიფი.

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი