იავნანა სამგლოვიარო


ელეგია

შენ, სულო ჩემო, სევდით დაღალდი,
და გენატრება ღამის მაღარო.
თუ გსურს გაფითრდი, როგორც ქაღალდი,
მხოლოდ ორეულს არ შემაყარო.
თუ შეგხვდებოდა წყის ნარეკალი,
მას გაურბოდი, როგორც ფარვანა.
დღე მაისობდა ნორჩი სპეტაკი,
ცამ სურვილები აქარავანა.
არ კითხულობდი დაწყევლილ მწერლებს:
ლოტრეამონს და ფრანსუა ვიონს.
არ ატარებდი შავ კრიალოსნებს,
ესალმებოდი მხოლოდ ალიონს.
არ გაშინებდა ბრწყინვალე სარკე,
დალაქის თეთრ სამართებელი.
შენ ანგელოზი უკვე დაჰკარგე,
ორეულია შენი მხლებელი.
ნორჩი ქალწულის გიყვარდა ბინა,
ახლა კი ქალი ჩაჯენილ თვალით,
ვით სილამაზე შენ მოგევლინა
და იმას უცქერ ავი კანკალით.
უწინ უსმენდი ტკბილ იადონებს,
და იყო ტკბილი შენი დორანი,
ახლა ადიდებ წითელ ბატონებს,
დაუღალავი გხიბლავს ყორანი.
ღამის სარდაფში, ვით ლოკოკინა,
შედიხარ და იქ იგონებ ჭიებს,
შავი ძონძებიც გიყვარს ლოგინათ
და გაზაფხულზე მუდამ გაციებს.

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი