მარტოობის დედოფალი


ნინა მაყაშვილს

დიდ სასახლეში განმარტოებით
იგი ცხოვრობდა, როგორც ინფანტა,
ტყე შრიალებდა გრძელი რტოებით,
მაღალ სივრცეზე რომ დაიფანტა.

ლურჯ აივანზე თავის ბროლიდან
გამოდიოდა ის მხოლოდ ღამით.
და ძვირფას ბეჭედს გაისროლიდა
ღამის უფსკრუში უცხო სალამით.

თითქოს უხმობდა თავის საქმაროს
გასროლილ ბეჭდის აშრიალებით.
მაგრამ  სალარომ ვეღარ აკმაროს
ქალწულ დედოფალს მუდამ ლალები.

შეცურდა ზღვაში მზე - პაპირუსი.
უკანასკნელად იგრძნო ტკივილი.
დედოფალს დარჩა ერთი ფირუზი
და მას გადაჰყვა ხრამში კივილით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი