მზესუმზირას გამყიდველი


ის მზესუმზირას სარწყავით ჰყიდის
ფეხებმორთხმული მონა ცხოვრების,
შეჰფარებია ის ქუჩის კიდეს,
ტოლი ბრმებისა და მათხოვრების.
ის მზესუმზირას, როგორც საჩუქარს,
უყრის იისფერ მოჩვეულ მტრედებს,
მაგრამ ქვაფენილს, მზით განაშუქარს
ვერ ანდობს თავის სათუთ იმედებს.
თუმცა აწვალებს მზე ბარბაროსი,
მისგან საყვეურს ვინ გაიგონებს?
მას ესიზმრება სულ სხვა ტაროსი,
და ყურანიდან მღერის სტრიქონებს.
მას ენატრება ფინიკი, ხალვა
და მთვარე სპარსულ ნიამორებით,
ფერილ ფრჩხილების ამაყი კრძალვა,
როცა ჰაერი ქრის ამბორებით.
ერთხელ მის გობზე ქალს ხელთათმანი
სწრაფად დაუვარდა, სურნელით სავსე.
ქალი არ იყო მისი ფატმანი,
ყურები ჰქონდა – ვარდების მსგავსი.
თავისი გობი ღარიბი ხილით,
ძილში ჰგონია მას მინარეტი,
ვით მუეძინი პირგამეხილი
ეძახის მუშტარს – მზით განარეტი.
ის დაუზოგავ ზამთარ–ზაფხულობს
წელში საკმაოდ გაუზნექია.
ითვლის ნაშოვარ სპილენძის ფულებს
ქუჩის მელოტი ნაცარქექია.
მზესუმზირათი ავსებულ ჭიქით
იგი ადიდებს ზეციურ ალახს,
უთუოდ ხედავს ღრუბლების იქით,
ბაღებს, გურიებს, სამოთხის ბალახს.

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი